ახალი ამბები

ზალკალიანი: საქართველო მაღალ პოზიციებზეა საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში

8 აგვისტო, 2019 • 1041
ზალკალიანი: საქართველო მაღალ პოზიციებზეა საერთაშორისო თანამეგობრობის  დღის წესრიგში

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველო როგორც არასდროს, ისეთ მაღალ პოზიციებზეა საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკურ დღის წესრიგში, რაზეც მეტყველებს თუნდაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებები და მიღებული რეზოლუციები საერთაშორისო თანამეგობრობისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ.

„11 წელი გავიდა და, სამწუხაროდ, ოკუპაცია კვლავ გრძელდება. უფრო მეტიც, ფაქტობრივი ანექსია მიმდინარეობს. და ამ ფონზე ჩვენ როგორც არასდროს, ისე ვართ ერთიანი, კონსოლიდირებული საერთაშორისო თანამეგობრობასთან და ამაზე მეტყველებს ის, რომ თუნდაც დღეს ჩვენთან ერთად არიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები”, – თქვაზალკალიანმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში დაღუპულთა ხსოვნას.

საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატებისგანაც. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მხარდამჭერ აქტს, სადაც ძალიან მკაფიო შეფასებებია საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან განხორციელებული ქმედებების, მათ შორის ოთხოზორია, ტატუნაშვილის, ბაშარულის და ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე:

„ტერმინი ოკუპაცია ასევე არის დაფიქსირებული საქართველოს მხარდამჭერ საკანონმდებლო აქტში და აშშ-ის საბიუჯეტო კანონით სანქციები ეხებათ იმ ქვეყნებს, რომლებიც ფორმალურად თუ არაფორმალურად შეეცდებიან ოკუპირებულ ტერიტორიებთან რაიმე ურთიერთობის დამყარებას. ასე რომ, ჩვენ ხელისულება, დიპლომატიური კორპუსი, საგარეო საქმეთა სამინისტრო , ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი იყოს საკმაოდ მაღალ პოზიციებზე“,-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი