ახალი ამბებიკინოხელოვნება

“და ჩვენ ვიცეკვეთ” შვედეთმა შესაძლოა ოსკარზე წარადგინოს

8 აგვისტო, 2019 • 5688
“და ჩვენ ვიცეკვეთ” შვედეთმა შესაძლოა ოსკარზე წარადგინოს

წარმოშობით ქართველი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” შვედეთმა შესაძლოა ოსკარზე წარადგინოს. ქართულ-შვედური ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა ერთ-ერთია იმ სამ ფილმს შორის, რომლიდანაც ოსკარზე წარსადგენი ფილმი უნდა შეირჩეს.

“და ჩვენ ვიცეკვეთ” რამდნეიმე დღის წინ ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელი გახდა. ამავე ფესტივალზე საუკეთესო მსახიობის ჯილდო ფილმში მთავარი როლის შემსრულებელმა, ლევან გელბახიანმა მიიღო.

ფილმის პრემიერა წელს კანის კინოფესტივალზე შედგა. ფრანგულ და ინგლისურენოვან მედიაში ფილმის არაერთი რევიუ გამოქვეყნდა, სადაც ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ფილმი უაღრესად ბუნებრივ, რეალურ შთაბეჭდილებას ტოვებს და დაცლილია პროვოკაციულობისგან. გამოცემა Franceinfo-ს სტატიაში აღნიშნულია, რომ  ეს არის ფილმი ჰომოსექსუალობასა და ნაციონალურ ცეკვაზე არატოლერანტულ საქართველოში.

გამოცემა წერს, რომ ფილმი დაცლილია კლიშეებისგან, რომლებსაც გეითემატიკაზე გადაღებულ ფილმებში ვხვდებით და აჩვენებს ეგზოტიკურ გარემოს- მოულოდნელ და შთამბეჭდავ ღიაობას ტრადიციული ქართული ცეკვის წრეში.

„გულწრფელი და რეალურია ფილმის ყველა პერსონაჟი. სცენების ბუნებრივობა კინემატოგრაფიული გადატვირთვის გარეშეა მიღწეული.

„და ჩვენ ვიცეკვებთ“ ბუნებრივი შარმით გაჯერებული ფილმია, რომლის ყურებაც არ გბეზრდება. მოქმედება ცეკვის რეპეტიციებზე ვითარდება, უკომპრომისო, ტირანიის ზღვარზე მყოფი მასწავლებლის თვალწინ.

ფილმში წარმოდგენილია ტრადიციული ქორეოგრაფიის სამსახურში ჩამდგარი სხეულების „გამოფენის“ მრავალი სცენა, ეროტიკული სცენები კი ისეა გადაღებული, რომ ყველა ნიუანსი დაცლილია პროვოკაციულობისგან. ფილმის არცერთი დეტალი ოდნავ სურვილსაც კი არ აღუძრავს მაყურებელს, ვინმე განსაჯოს“, – წერია რევიუში.

საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რომელ ფილმს წარადგენს შვედეთი ოსკარზე, 28 აგვისტოს გახდება ცნობილი.

ინტერვიუ ქართული გეი დრამის მსახიობებთან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი