ახალი ამბები

საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება ომის დაწყებაში უპასუხისმგებლობაა – დეპუტატი უმრავლესობიდან

8 აგვისტო, 2019 • 1103
საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება ომის დაწყებაში უპასუხისმგებლობაა – დეპუტატი უმრავლესობიდან

რუსეთის 2008 წლის ომი თავისი უმწვავესი შედეგებით და პოლიტიკური შინაარსით, განურჩევლად ყველას, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელსა და მოქალაქეს გვაკისრებს უკიდურესად ზუსტი შეფასების გაკეთების ვალდებულებას, – წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი.

დეპუტატის აზრით, აქ დაუშვებელია გადახვევა და პარტიული ინტერესებიდან ამოსვლა.

“ომი არ დაუწყია ჩვენს ქვეყანას, სამხედრო ინტერვენციის ავტორი არის მხოლოდ ერთი – ეს მეზობელი სახელმწიფოა. ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ და გავააანალიზოთ სამხედრო კონფლიქტის დაწყებამდე მიმდინარე პოლიტიკური პროცესი, გამოვავლინოთ ამ პროცესზე პასუხისმგებელი პირები და დასაბუთებულად ვამხილოთ მათი გადაწყვეტილებები, თუმცა საკუთარი სახელმწიფოს დადანაშაულება ომის დაწყებაში ან მის პროვოცირებაში – ეს პოლიტიკური უმწიფრობა და უპასუხისმგებლობაა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ”, – წერს შალელაშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე.

შალელაშვილი მიიჩნევს, რომ “ვაგვიანებთ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას დეოკუპაციისა და დევნილი ხალხის სახლებში ღირსეული დაბრუნებისთვის”.

“უნდა შევთანხმდეთ, რომ საქართველომ ღირსეულად იომა ტერიტორიული მთლიანობისთვის და დღეს ქართული მიწის დიდი ნაწილი ოკუპირებულია, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ ოკუპანტის შეძახილებით ჩვენ ვერ მივაღწევთ ეროვნული მნიშვნელობის მქონე სასურველ შედეგებს და თითოეული გასული წელი უფრო და უფრო გვაშორებს ამ უკანასკნელს. როგორც ოკუპაცია, ისე პოსტოკუპაციის პერიოდში მეზობლისგან შექმნილი გამოწვევები და საფრთხეები რეალობაა, რომელსაც სჭირდება სწორი შეფასება და სტრატეგიის შექმნა. თუ ჩვენ დავრჩებით შეძახილების იმედად და ეფექტურად არ გამოვიყენებთ საერთაშორისო სამართალს, დიპლომატიას და სხვა რესურსებს, წლებთან ერთად უფრო დავშორდებით როგორც დეოკუპაციის და სახლებში დაბრუნების პერსპექტივას, ისე ქვეყნის განვითარების შანსებს”,- აცხადებს შალელაშვილი და დასძენს, რომ დროა, ვიმოქმედოთ დიპლომატიური მექანიზმებით.

აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით დღეს განცხადებები გაავრცელეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა – პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა. მათ ყურადღება გაამახვილეს როგორც რუსეთის, ისე ქართული მხარის, კონკრეტულად კი, წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე.

მაშინდელმა ხელისუფლებამ შესაძლებელი გახადა საოკუპაციო გეგმის განხორციელება – ბახტაძე

ოკუპაციას ჰყავს თანაავტორი “ნაციონალური მოძრაობის” სახით – ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი