ახალი ამბები

მაშინდელმა ხელისუფლებამ შესაძლებელი გახადა საოკუპაციო გეგმის განხორციელება – ბახტაძე

7 აგვისტო, 2019 • 1089
მაშინდელმა ხელისუფლებამ შესაძლებელი გახადა საოკუპაციო გეგმის განხორციელება – ბახტაძე

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 2008 წლის აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“11 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან. ეს იყო ომი, რომელსაც მოჰყვა რუსეთის მხრიდან საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის ოკუპაცია, ასეულობით ქართული სოფლის განადგურება და ათეულობით ათასი დევნილი მოქალაქე. ამ ომმა შეიწირა ასეულობით ჩვენი მოქალაქის, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე და დაგვიტოვა მოუშუშებელი ტკივილი.
ნებისმიერი ხელისუფლების უზენაესი ამოცანაა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე, უზრუნველყოს მშვიდობა და აარიდოს ქვეყანას განსაცდელი. სამწუხაროდ, მაშინდელმა უპასუხისმგებლო ხელისუფლებამ ეს არათუ არ გააკეთა, არამედ თავისი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით შესაძლებელი გახადა საოკუპაციო გეგმის განხორციელება”, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ “ერის კონსოლიდაციით, მუხლჩაუხრელი შრომით, გაცხადებული მიზნების მიღწევით, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად თანმიმდებრული პოლიტიკის წარმოებით და მშვიდობიანი განვითარებით ჩვენ მივაღწევთ საქართველოს სრულ დეოკუპაციას”.

“პატივს მივაგებ დაღუპულთა ხსოვნას და ჩვენი გმირების უკვდავ სახელებს. დიდება გმირებს!”, – აღნიშნავს პრემიერი.


წელს 11 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტიდან, რომელიც “აგვისტოს ომის” სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე, 7 აგვსტოდან 13 აგვისტომდე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი