ახალი ამბები

ოკუპაციას ჰყავს თანაავტორი “ნაციონალური მოძრაობის” სახით – ირაკლი ღარიბაშვილი

7 აგვისტო, 2019 • 2422
ოკუპაციას ჰყავს თანაავტორი “ნაციონალური მოძრაობის” სახით – ირაკლი ღარიბაშვილი

“ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთ-საქართველოს ომის 11 წლისთავს ეხმაურება და ამბობს, რომ რუსეთთან ერთად, ოკუპაციის თანაავტორია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

“დღეს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა თანამდეროვე საქართველოს ისტორიაში. რუსული ოკუპაცია არის მოუშუშებელი იარა ქართული სახელმწიფოს სხეულზე და ვიდრე ქართველს პირში სული უდგას, ის არასდროს შეეგუება ამ ვითარებას. ოკუპაციას ჰყავს ავტორი და ეს ავტორი იდენტიფიცირებულია – რუსეთი ოკუპანტია და ეს აღიარებულია მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, მაგრამ ოკუპაციას ჰყავს თანაავტორი, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ოკუპაცია – ეს ძალა არის “ნაციონალური მოძრაობა” და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, რომელთა მოღალატეობრივმა და მავნებლურმა პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა რუსული ოკუპაცია”, – ნათქვამია Facebook-ში, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ღარიბაშვილის აზრით, ამ ფონზე განსაკუთრებით ცინიკურად ჟღერს “ამ ანტისახელმწიფოებრივი ძალის იდეოლოგების განცხადებები, რომ თითქოს აგვისტოს ომის ხარჯზე საქართველომ ამოისუნთქა”.

“არადა, ეს მათ ამოისუნთქეს საქართველოს ხარჯზე, როდესაც საგარეო აგრესიის ფონზე გაყალბებული არჩევნებით შერყეული ლეგიტიმაცია გაიმყარეს. ეს მათ ამოისუნთქეს ქართული ტერიტორიების, დაღვრილი სისხლის, ჩვენი გმირი მებრძოლების, გაუბედურებული ოჯახების, საკუთარი სახლ-კარიდან აყრილი მოსახლეობის, კოდორის და ახალგორის ხარჯზე, როდესაც ჯერ წაგებული ომი მოგებულად გამოაცხადეს, ხოლო მაშინდელი ოპოზიციის ფაქტიურ კაპიტულაციას აგრესორის მიმართ საკუთარი კაპიტულაცია დააშენეს და ტაბუ დაადეს საკუთარ ღალატს და სიმხდალეს”, – აცხადებს ღარიბაშვილი.

24 ივლისს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა შოთა უტიაშვილმა დაწერა, რომ “აგვისტოს ომმა, თავისი ყველა პლუს-მინუსით, საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. თითქმის ათი წელი რუსეთი ვერ ახდენდა ჩვენზე, ფაქტობრივად, ვერანაირ ზეწოლას”.

ირაკლი ღარიბაშვილი თავის განცხადებაში ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ დღეს, 7 აგვისტოს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვასაც, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი ამბობს: “ის, რაც ჩვენ მოვახერხეთ 2008 წელს, რომ გადავარჩინეთ საქართველო, პოლიტიკოსებმა ვეღარ მოვახერხეთ 2012 წელს და 2012 წელს პუტინმა მოიყვანა და მისი მხარდაჭერით მოვიდა ივანიშვილი”.

მაგრამ იმან, რაც დღეს ბრძოლის ველიდან ფორთხვით გაქცეულმა სამარცხვინო მთავარსარდალმა იკადრა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მილიონ სამასი ათას ქართველს, ვინც 2012 წლის პირველ ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, უარი უთხრა მის მოღალატეობრივ და მავნებლურ მმართველობას, მან პუტინის ზრახვების განმახორციელებელი, მისი მხარდამჭერები უწოდა და ძალადობაზე ქართველი ხალხის ისტორიული გამარჯვება რუსულ სპეცოპერაციად მოიხსენია”, – აცხადებს ღარიბაშვილი.

მისი თქმით, ყოველთვის სჯეროდა, რომ კოჰაბიტაცია ამ მტრულ ძალასთან იყო შეცდომა და ეწინააღმდეგებოდა ქართველი ხალხის ინტერესებს, დღეს კი კიდევ ერთხელ დავრწმუნდა ამაში.

“ვიდრე ეს მტრული და მოღალატეობრივი ძალა სიმსივნური უჯრედივით არ ამოიკვეთება ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური სხეულიდან, დეოკუპაციის გზაზე წარმატებას ვერ მივაღწევთ, რადგან საგარეო ფრონტზე გამარჯვებას ჯერ შიდა მტრის საბოლოოდ დამარცხება სჭირდება”, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი