ახალი ამბები

შოთა უტიაშვილის სახლთან მისი ფბ-პოსტის გამო აქციას მართავენ

25 ივლისი, 2019 • 3276
შოთა უტიაშვილის სახლთან მისი ფბ-პოსტის გამო აქციას მართავენ

შოთა უტიაშვილის სახლთან ადამიანების ჯგუფია შეკრებილი, რომლებიც, მათი განცხადებით, აპროტესტებენ ამ უკანასკნელის ფეისბუკ-სტატუსს.

პრაიმტაიმის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გორიდან ჩამოვიდნენ უტიაშვილის სტატუსის გასაპროტესტებლად. მათ ხელში უჭირავთ საპროტესტო ბანერები, სასტვენები და ითხოვენ უტიაშვილის ბოდიშს. ასევე უტიაშვილის მეუღლე, ჟურნალისტ ეკა კვესიტაძისგან ითხოვენ, დააფიქსიროს თავისი აზრი, ეთანხმება თუ არა ქმრის პოზიციას. უტიაშვილის მიმართ ისმის სხვადასხვა შეურაცხმყოფელი შეძახილები, ამავე კონტექსტში აქციის მონაწილეები მოიხსენიებენ ენმ-ს.

“აგვისტოს ომმა, თავისი ყველა პლუს-მინუსით, საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა”, – ესაა ციტატა უტიაშვილის სტატუსიდან, რომელსაც აქციის მონაწილეები აპროტესტებენ.

რაც შეეხება უტიაშვილის ფეისბუკ-სტატუსს. მან გუშინ, 24 ივლისს დაწერა:

“აგვისტოს ომმა, თავისი ყველა პლუს-მინუსით, საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. თითქმის ათი წელი რუსეთი ვერ ახდენდა ჩვენზე, ფაქტობრივად, ვერანაირ ზეწოლას. იცოდნენ, რომ საქართველოს “დაჩმორება” იოლი არ იქნებოდა. დღეს უკვე ეს მსხვერპლი წყალშია გადაყრილი. მოსკოვმა მოახერხა, და ქართული ოცნების უთავმოყვარეობის, პანიკიორობისა და არაპროფესიონალიზმის წყალობით, მიაღწია იმას, რომ ივანიშვილს რასაც უნდა, იმას გააკეთებინებს. უმარტივესი ილეთით, სანქციების მუქარით, მერე მისი შემსუბუქების იმედის მიცემით, საზღვართან ჩატარებული სამხედრო წვრთნებით, კრემლმა სრულიად ამოაგდო კალაპოტიდან საქართველოს მთავრობა. აგერ შედეგიც, ყველაზე მნიშვნელოვანი პროდასავლური პროექტი, ანაკლიაის პორტი,  გაყინეს, ყველაზე დიდი პროდასავლური ორგანიზაცია – რუსთავი 2 დაანგრიეს, და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. დასავლეთს ი, ჯერჯერობით სძინავს”.

შოთა უტიაშვილი აცხადებს, რომ აქცია მის სახლთან ხელისუფლების მიერაა ორგანიზებული:

“ვინც ნახეთ, გუშინ დავწერე სტატუსი იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს ყველაფერს უთმობს. ვწერდი, რომ ომის შემდეგ, მიუხედავად მისი პლუს-მინუსისა, საქართველოს დაუგროვდა პოლიტიკური კაპიტალი, რომელიც ახლა იფლანგება-თქო. ეს პოსტი შეიძლება მოგეწონოს, შეიძლება – არა, დაეთანხმო, ან არ დაეთანხმო, მაგრამ რასაც ახლა მთავრობა აკეთებს, არაფერში არ ჯდება. სახლთან მომისია ტროლების რაზმი, რომელიც იქ ცირკს აწყობს. შსს – მოაშორეთ აქედან ესენი, სულ ნუ გადავარდებით მარაზმში”, – წერს უტიაშვილი.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ უტიაშვილის ბოდიშამდე არ დაიშლებიან.

ფოტო © პრაიმტაიმი

ამავე თემაზე

ეკა კვესიტაძე თავის სახლთან მიმდინარე აქციას სამთავრობო ზეწოლად აფასებს

მასალების გადაბეჭდვის წესი