ახალი ამბები

თუშეთის ბილიკიდან 72 წლის სლოვენიელი ველოსიპედისტი გადავარდა

6 აგვისტო, 2019 •
თუშეთის ბილიკიდან 72 წლის სლოვენიელი ველოსიპედისტი გადავარდა

დღეს, 6 აგვისტოს, მთა-თუშეთიდან ხევსურეთის მიმართულებით, უღელტეხილისკენ მიმავალ სალაშქრო ბილიკზე ველოსიპედიდან სლოვენიელი ტურისტი, 72 წლის კაცი გადავარდა. იგი მრავლობითი მოტეხილობით ვერტმფრენით გადაიყვანეს თელავის საავადმყოფოში.

დაშავებულ ტურისტთან ერთად იმყოფებოდნენ საფრანგეთის ორი, ისრაელის ერთი და სლოვენიის ერთი მოქალაქე, რომლებიც დაშავებულს მეთვალყურეობას უწევდნენ.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის ადგილზე დაუყონებლივ გავიდნენ ომალოში განლაგებული სამაშველო დანაყოფის მეხანძრე-მაშველები.

საგანგებოს ინფორმაციით, ადგილზე მისვლის შემდეგ მაშველებმა დაშავებულის მდგომარეობა შეაფასეს. მათივე ცნობით, ტრავმების სიმძიმის, რთული რელიეფის და დიდი დისტანციის გამო დაშავებულის ქვეითად გადმოყვანა შეუძლებელი იყო:

“აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭირო გახდა სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა, თუმცა ველოტურში მყოფი ტურისტები სადაზღვევო პაკეტით სარგებლობდნენ, რის გამოც მათ კერძო ვერტმფრენის გამოძახების გადაწყვეტილება მიიღეს. დაშავებული ტურისტი თელავის აეროპორტიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება”.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, უღელტეხილზე დარჩენილი ტურისტები გზას უსაფრთხო ადგილამდე მაშველების მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი