ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში მომხდარ აფეთქებას 19 ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ინციდენტი ქალაქის ცენტრში, ეგვიპტის სიმსივნის ეროვნული ინსტიტუტის მიმდებარედ, 4 აგვისტოს ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ტერიტორიაზე ავტომობილი სწრაფად გადაადგილდებოდა, რა დროსაც ის სხვა ავტომანქანებს შეეჯახა, აღნიშნულმა კი აფეთქება და ძლიერი ხანძარი გამოიწვია.
فيديو متداول من أمام #معهد_الأورام pic.twitter.com/jRbentQzs5
— المصري اليوم (@AlMasryAlYoum) August 4, 2019
“ალ-ჯაზირას” ცნობით, სახელმწიფო უწყებებს არ დაუკონკრეტებიათ, რატომ იყო აფეთქება ასეთი მძლავრი და არიან თუ არა დაღუპულთა შორის ის მოქალაქეები, რომლებიც ინციდენტში მონაწილე ავტომობილებში არ მსხდარან.
“როიტერსის” თანახმად, პროკურატურა მომხდარს უკვე იძიებს.
ეგვიპტეში ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირია. ქვეყნის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს აქ 8 000 ავარია მოხდა, რამაც 3 000 ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და 12 000-ის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.