ახალი ამბებიკომენტარი

თბილისის ხედი ავლაბრიდან – Über Land und Meer (Allgemeine illustrierte Zeitung)

2 აგვისტო, 2019 •
თბილისის ხედი ავლაბრიდან – Über Land und Meer (Allgemeine illustrierte Zeitung)

ავტორი: სულხან სალაძე

XIX საუკუნის შუა პერიოდის ევროპა, ბევრ სხვა საყურადღებო მოვლენასთან ერთად, იმითაც იყო საინტერესო, რომ ევროპის ქვეყნებში ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდა ილუსტრირებული ჟურნალ-გაზეთები. ასე მაგალითად, ინგლისში – The Illustrated London News, საფრანგეთში – L’Illustration, გერმანიაში – Leipziger Illustrirte Zeitung და სხვა არაერთი კიდევ.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ილუსტრირებული ბეჭდური პრესა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა ევროპაში. ამ ფონზე პერიოდულად და არცთუ იშვიათად ილუსტრირებული ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე სხვადასხვა თემატიკის ჩანახატი და გრავიურა ქვეყნდებოდა საქართველოს შესახებ.

შეიძლება ითქვას, რომ ილუსტრირებული ბეჭდური პრესის მომავალი ყველაზე უკეთ ევროპის იმდროინდელ გამომცემლებსა და წიგნებით მოვაჭრეებს ესმოდათ. ასე იყო მაშინაც, როცა 1858 წელს გერმანიაში, ქალაქ შტუტგარტში, მწერალმა და მოგზაურმა – ფრიდრიხ ვილჰელმ ჰაკლენდერმა და წიგნებით მოვაჭრე ედუარდ ჰალბერგერმა – „Über Land und Meer (Allgemeine illustrierte Zeitung)“, იგივე – „ზოგადი ილუსტრირებული გაზეთი მიწისა და ზღვის შესახებ“ გამოცემა დაიწყეს. ჰაკლენდერი XIX საუკუნის ორმოცდაათიან წლებში ყველაზე წაკითხვადი ავტორი იყო გერმანიაში. ჰალბერგერს კი საგამომცემლო საქმიანობა მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული და შტუტგარტის გარდა ბერლინსა და პოტსდამშიც მოღვაწეობდა.

Über Land und Meer-ში იბეჭდებოდა ახალი ამბები, ნოველები, რომანები, იუმორისტული ჩანახატები, უამრავი ინფორმაცია და ილუსტრაცია მთელი მსოფლიოდან. გაზეთის პირველი რედაქტორი ფრიდრიხ ვილჰელმ ჰაკლენდერი იყო და ის ამ პოზიციას 1787 წლამდე, ანუ გარდაცვალებამდე იკავებდა. გაზეთი გამოცემის დაწყების პირველ ეტაპზე 10 000 ტირაჟით გამოდიოდა. ყველაზე დიდ პოპულარობას კი XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში მიაღწია, მაგალითად, 1877 წელს, ყოველკვირეულად, საშუალოდ, 170 000 ეგზემპლარი იყიდებოდა და გაყიდვის ეს მაჩვენებელი ნებისმიერ სხვა გერმანულ გაზეთზე მეტი იყო.

დაარსების დღიდან 1923 წლამდე, ანუ გამოცემის შეწყვეტამდე, ილუსტრირებულ გერმანულ გაზეთში არაერთხელ დაიბეჭდა გრავიურები და ჩანახატები საქართველოს შესახებ. ერთ-ერთი პირველი და საინტერესო ჩანახატი Über Land und Meer-ის ფურცლებზე 1859 წლის 23 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა და ის თბილისს უკავშირდება. თბილისის ჩანახატი თან ერთვის ნოველას, სადაც ერთ ეპიზოდში თბილისია ნახსენები.

Über Land und Meer – თბილისის ხედი ავლაბრიდან [1859 წლის 23 ნოემბრის ნომერი]

ჩანახატიდან ნათლად ჩანს, რომ ის ავლაბრის მხრიდან უნდა იყოს შესრულებული. კარგად იკითხება მტკვრის მარჯვენა სანაპირო და საკმაოდ განიერი ქუჩა, რომელიც მდინარეს მიუყვება. სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები და საცხოვრებელი სახლები, ადამიანისა და აქლემების სილუეტები, ნარიყალას ციხე და ეკლესიები. დღევანდელი მეიდანისა და მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ისტორიულად თბილისში, ევროპის და აზიის შეხვედრის ადგილს წარმოადგენდა. ჩანახატის სიღრმეში, მთაწმინდის მთის გაყოლებაზე, კარგად მოჩანს სოლოლაკი. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე კი მხოლოდ მეტეხის ეკლესიის იდენტიფიცირება შეიძლება.

Über Land und Meer  არ ყოფილა ერთადერთი გერმანული გამოცემა, სადაც თბილისის ეს ჩანახატი გამოქვეყნდა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ილუსტრირებული პრესის მკითხველს თბილისის ამ ჩანახატის ნახვა შეეძლო ედუარდ ჰალბერგერის კიდევ ერთ ილუსტრირებულ ჟურნალში – „Zeitung – Die illustrierte Welt“ („გაზეთი – ილუსტირებული მსოფლიო“), რომელსაც თბილისის აღწერა ახლდა თან.

ტექსტში საუბარია თბილისის ერთდროულად ევროპულ და აზიურ სახეზე, ქალაქის განაშენიანების სპეციფიკასა და ნარიყალას ციხეზე, ასევე, თბილისში არსებულ სამკურნალო წყალზე. ეთნიკური თვალსაზრისით ქალაქის ჭრელ იერზე, სალონური ცხოვრების თავისებურებასა და საზეიმო დღეებში ჩაცმულობის განსაკუთრებულ სტილზე. ოღონდ, ეს ყველაფერი უკვე სულ სხვა ამბავი და ისტორიაა.

_________

მასალა მომზადებულია პროექტის – „ევროინტეგრაციის პროცესის გაძლიერება მოქალაქეთა ინფორმირების გზით“ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამა]. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი