ახალი ამბები

ანანურის დაზიანებულ კომპლექსთან დაკავშირებით უწყებათაშორისი ჯგუფი შეიქმნა

30 ივლისი, 2019 • 762
ანანურის დაზიანებულ კომპლექსთან დაკავშირებით უწყებათაშორისი ჯგუფი შეიქმნა

ანანურის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

უწყების თანახმად, ძეგლის “ფართომასშტაბიან რეაბილიტაციამდე” პრევენციულ გადაწყვეტილებებს ერთობლივად მიიღებენ სააგენტო, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და საპატრიარქო.

“არსებული გარემოებიდან გამომდინარე, დროებითი ღონისძიებებით ანანურის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აღიკვეთება ვიზიტორთა ჯგუფების უკონტროლო ქმედებები, რაც უპირველესად უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფითა და ძეგლთა დაცვითი პრინციპებით იქნება ნაკარნახევი. პრევენციული გადაწყვეტილებების შედეგად გამოირიცხება ვიზიტორთა ჯგუფების მიერ არქიტექტურული კომპლექსის ცალკეული სტრუქტურული სეგმენტების მექანიკური დაზიანებების ალბათობა და გამოუსწორებელი ხარვეზების შექმნის რისკი”, – აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.

ანანურის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს, დაზიანებულია: ჩამოშლილია გალავნის ნაწილი, თვითნებურადაა მიშენებული კიბეები. გარდა ამისა, “ღვთაების ტაძარში”, რომელიც წლებია დაკეტილია, ისტორიულ ფრესკებზე ამოკაწრულია სხვადასხვა წარწერა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ “ნეტგაზეთს” 29 ივლისს განუცხადა, რომ კომპლექსის გალავნის დაზიანებულ მონაკვეთებს აღწერს და დამთვალიერებლებისთვის დროებით დაკეტავს. უწყების თქმით, მომავალი წლისათვის დაგეგმილ რეაბილიტაციის პროექტში ახალი გამოწვევებიც იქნება გათვალისწინებული.

ანანურის სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია “საყდრისის კომიტეტმა” მიმდინარე დღეებში გაავრცელა. ორგანიზაციის თქმით, იმ ფონზე, როცა კომპლექსის ტერიტორიაზე არანაირ შემაკავებელ ბარიერსა და საინფორმაციო დაფას არ ვხვდებით, ძეგლის ეს პრობლემები მხოლოდ ტურისტების პასუხისმგებლობა არ არის.

დაზიანებული გალავანი და ფრესკებზე ამოკაწრული წარწერები ანანურის მონასტერში

მასალების გადაბეჭდვის წესი