ახალი ამბები

პირადი ექიმი ეჭვობს, რომ ნავალნი საპყრობილეში მოწამლეს

29 ივლისი, 2019 • 1305
პირადი ექიმი ეჭვობს, რომ ნავალნი საპყრობილეში მოწამლეს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ექიმი ეჭვობს, რომ პოლიტიკოსი დროებითი მოთავსების იზოლატორში მოწამლეს.

ალექსეი ნავალნი რამდენიმე დღის წინ დააკავეს არასანქცირებული საპროტესტო აქციის ორგანიზების ბრალდებით და 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ნავალნი საპყრობილიდან მოსკოვის 64-ე საავადმყოფოში 28 ივლისს, დილით გადაიყვანეს სახის არეში მოულოდნელი წითელი გამონაყრის გამო.

როგორც დამოუკიდებელი რუსული ტელეარხი “დოჟდი” იტყობინება, ნავალნის პირად ექიმს ანასტასია ვასილევას არ მისცეს პაციენტის მონახულების საშუალება და პოლიტიკოსთან გასაუბრება მხოლოდ პალატის დერეფნიდან შეძლო. როგორც ვასილევა ამბობს, დაკავების შემდეგ ნავალნის არ მიუღია უცხო საკვები, არ გამოუყენებია რაიმე სახის პარფიუმერია და უფრო მეტიც, მას აქამდე არასდროს არ ჰქონია ალერგია.

ნავალნის წინასწარი ოფიციალური დიაგნოზი კი სწორედ ალერგიაა. ვასილევა ვარაუდობს, რომ ნავალნის ამჟამინდელი სიმპტომები შესაძლოა გამოწვეული იყოს გარკვეული ქიმიური ნივთიერების ზემოქმედებით. ნავალნის გარემოცვა გეგმავს, რომ მის თმასა და მაისურს ჩაუტარდეს ქიმიური ექსპერტიზა, რომელიც შესაძლოა, ევროპაშიც გაგზავნონ.

სწორედ ექიმმა ანასტასია ვასილევამ შეძლო ნავალნისთვის თვალისა და მხედველობის შენარჩუნება 2017 წელს, როცა პოლიტიკოსს სახეში სამედიცინო სითხე ბრილიანტის მწვანე (ე.წ. ზელიონკა) შეასხეს.

ნავალნის გარემოცვა ფიქრობს, რომ მოსკოვის 64-ე ჰოსპიტალში ნავალნის რეალურ დიაგნოზს მალავენ. დამოუკიდებელი მედიასაშუალება “მედუზა” იტყობინება, რომ ამ კლინიკის ხელმძღვანელი ოლგა შარაპოვა მოსკოვის ქალაქის დუმის დეპუტატია რუსეთის მმართველი პარტიიდან.


ოპოზიციამ 27 ივლისს მოსკოვში მასშტაბური აქცია გამართა, რა დროსაც ასობით ადამიანი დააკავეს. აქციის მთავარი მიზანი ხელისუფლების იმ გადაწყვეტილების გაპროტესტება იყო, რომლითაც დამოუკიდებელი კანდიდატების მნიშვნელოვან ნაწილს არ მისცეს მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებზე კანდიდატად დარეგისტრირების საშუალება. აქციის დაანონსების გამო რამდენიმე დღით ადრე დააკავეს და 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის. მასთან ერთად კიდევ არაერთი აქტივისტი დააკავეს იმავე მიზეზით.

რუსეთის ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საარჩევნო კომისიამ აბსურდული საბაბით, პოლიტიკური მოტივით არ დაარეგისტრირა არჩევნებზე ოპოზიციონერი კანდიდატები. მოსკოვის ქალაქის დუმის არჩევნები 2019 წლის 8 სექტემბერს იმართება. ქალაქის დუმაში 45 წევრს 5-წლიანი ვადით ირჩევენ და საკრებულოს ანალოგიური სტრუქტურაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი