ახალი ამბები

“მე ამას პირდაპირ ვუკავშირებ შურისძიებას“ – მაჩალიკაშვილი ძმისშვილის დაკავებაზე

27 ივლისი, 2019 • 970
“მე ამას პირდაპირ ვუკავშირებ შურისძიებას“ – მაჩალიკაშვილი ძმისშვილის დაკავებაზე

მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილის დაკავებას პარლამენტის წინ გაშლილ კარავს უკავშირებს. ის ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ეს ერთგვარი შურისძიებაა.

მაჩალიკაშვილმა, მიუხედავად სამართალდამცველებლის წინააღმდეგობისა, პარლამენტის წინ კარავი 25 ივლისს გაშალა.რაც შეეხება მის ძმისშვილს, მორის მაჩალიკაშვილი 20 ივნისის საქმეზე 26 ივლისს დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს მონაწილეობას იღებდნენ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას

“იმ ღამით და 21-ში გამთენიისას აქ იყო მთელი ქვეყანა. აქ ვინ როგორ იქცეოდა, ყველამ კარგად ვიცით. ეს იყო გაღიზიანებული, გამწარებული ადამიანები, რომლებსაც ხელისუფლება მოექცა ძალიან ცუდად. ამ საქმესთან დაკავშირებით მაჩალიკაშვილი იყო გასამართლებული, გამოშვებული და ჰქონდა შენიშვნა მიცემული. შემდგომში, როგორც კი დაიდგა ეს კარავი, მეორე დღეს, იქნა ჰოსეინ [მორის] მაჩალიკაშვილი აყვანილი.

მე ამას პირდაპირ ვუკავშირებ შურისძიებას. მივმართავ დღევანდელ ხელისუფლებას, ნუ ჩაიდენენ ამ შეცდომას. ჯერ იქ გამცენ პასუხი, რაც აქვთ ჩადენილი, რა სისხლიანი დანაშაულიც აქვთ ჩადენილი, იქ გამცენ პასუხი,“ – ამბობს მაჩალიკაშვილი რუსთავი 2-თან საუბრისას.


25 ივლისს, დღისით, პოლიციამ მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტთან კარავი არ გააშლევინა. სამართალდამცავები ამის მიზეზად დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებდნენ და ამბობდნენ, რომ უნდა აიყაროს ფილები და კარვის გაშლა მიზანშეწონილი არ არის. პოლიცია ვერ აკონკრეტებდა, როდიდან იწყება ტერიტორიის რეაბილიტაცია.

თუმცა მცირე ხნის შემდეგ თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ, განაცხადა, რომ მერია პარლამენტის წინ არანაირ სარეაბილიტაციო სამუშაოებს არ გეგმავს.

მაჩალიკაშვილი პოლიციის ქმედებას პროვოკაციად აფასებს.

“დღეს იმას ცდილობდნენ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს რომელიმე პოლიციელზე აეწია ხელი”, – აცხადებს ის. მაჩალიკაშვილის თქმით, სახელმწიფოსთვის მისი მოთხოვნები “მძიმე ტვირთს” წარმოადგენს.

“ეს არის რაღაც კომედია, სასაცილოა. მე, ასეთ გამწარებულ ადამიანს, გულის სიღრმეში მეცინება კიდეც ამ ადამიანებზე, ამ შსს-ზე, ამ სუს-ზე, თუნდაც ამ ხელისუფლებაზე, თუნდაც ამ სისხლისმწოველ ივანიშვილზე. მე ხომ 429-ე დღეა იქ ვდგავარ და ვითხოვ სამართალს და სხვას არაფერს. სამართალს ვითხოვ ჩემთვისაც და მთელი ქვეყნისთვისაც. ვითხოვ, თქვან ის, რაც ჩაიდინეს უდანაშაულო ბავშვის მოკვლით. მაგრამ ამათთვის ეს ძალიან მძიმე ტვირთია. არ იციან, ამ ტვირთს სად გაექცნენ და როგორ გაექცნენ”, – თქვა მან 26 ივლისს ჟურნალისტებთან საუბრისას.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გარდა, გეგმავს, პროტესტის ნიშნად კარავი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთანაც განათავსოს.

“მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტთან კარავი თვეების განმავლობაში ჰქონდა გაშლილი, თუმცა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, მისი თქმით, კარავი პოლიციამ წაიღო და ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი