ახალი ამბები

20 ივნისის საქმეზე მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი დააკავეს

26 ივლისი, 2019 • 1052
20 ივნისის საქმეზე მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი დააკავეს

20 ივნისის საქმეზე დღევანდელი, 26 ივლისს დაკავებულებიდან ერთ-ერთი არის მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილი. 

ამის შესახებ ფეისბუკზე მალხაზ მაჩალიკაშვილი წერს: 

ამ წუთას შემატყობინეს, ჩემი ალალი ძმისშვილი, რომელიც მყავს ჩემი უდანაშაულოდ მძინარე საწოლში მოკლული თემირლანის ადგილას, ამ ბოროტი სისტემის მიერ იქნა დაკავებული.  ედავებიან 225 მუხლის მეორე ნაწილს. ძალიან ცუდად იქცევით დღევანდელი ნაძირალა სისტემა”. 

შსს-მ დღეს განაცხადა, რომ 20 ივნისის საქმეზე ორი სამოქალაქო პირი დააკავა. პოლიციამ დაკავებულების მხოლოდ ინიციალები გაავრცელა. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს მონაწილეობას იღებდნენ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

“1993 წელს დაბადებული მ.მ. ფიზიკური ძალის გამოყენებით თავს დაესხა სამართალდამცველებს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში, ხოლო, 1976 წელს დაბადებული
გ.ქ. სამართალდამცველებს ურტყამდა რეზინის ღვედს და მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შსს-მ 20 ივნისის მოვლენებზე კიდევ 2 სამოქალაქო პირი დააკავა

მასალების გადაბეჭდვის წესი