ახალი ამბები

ეროვნული ბანკი მიესალმა ხაზარაძე/ჯაფარიძის გადაწყვეტილებას დატოვონ თანამდებობები

26 ივლისი, 2019 • 1554
ეროვნული ბანკი მიესალმა ხაზარაძე/ჯაფარიძის გადაწყვეტილებას დატოვონ თანამდებობები

26 ივლისს, როცა თბილისის საქალაქო სასამართლომ თიბისი ბანკის დამფუძნებლებს აღკვეთის ღონისძიებად 700-700 ათასი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა და ქვეყნიდან გასვლა შეუზღუდა გამომძიებლის თანხმობის გარეშე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და მიესალმა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გადაწყვეტილებას თიბისი ბანკის ჯგუფში თანამდებობების დატოვების შესახებ. 

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ 25 ივლისს განაცხადა, რომ  ის და თანადამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე პროკურატურის მიერ ბრალის წაყენების შემდეგ, იმის გამო, რომ „ზარალდებიან ბანკი, აქციონერები და თანამშრომლები“, ისევ ტოვებენ ბანკის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის პოზიციებს.

“საქართველოს ეროვნული ბანკი, განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, დადებითად აფასებს თიბისი ბანკის დამფუძნებელი აქციონერების გადაწყვეტილებას, დატოვონ დაკავებული თანამდებობები TBC Bank Group PLC-ის სამეთვალყურეო საბჭოში (თიბისი ბანკის 100%-იანი აქციონერი ლონდონში).

საქართველოს ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თიბისი ბანკი ქვეყანაში და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა. ის ძლიერი და მდგრადი ფინანსური ინსტიტუტია. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მიმდინარე წლის აპრილიდან აღარ არიან უშუალოდ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და განვითარებული მოვლენები ბანკის ოპერაციებზე გავლენას არ მოახდენს”, – ნათქვამია 26 ივლისს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

რას უნდა ველოდოთ ხაზარაძის “საზოგადოებრივი მოძრაობისგან”

მასალების გადაბეჭდვის წესი