ახალი ამბები

ადვოკატების თქმით, ვაზაგაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ნაწილი თავს დამნაშავედ არ ცნობს

2 თებერვალი, 2015 • 1634
ადვოკატების თქმით, ვაზაგაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ნაწილი თავს დამნაშავედ არ ცნობს

შსს–ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  დირექტორის ყოფილი მოადგილის, ირაკლი ფირცხალავას ადვოკატი,  დავით ხაჟალია ამბობს, რომ ძალიან გადაჭარბებულია ის ბრალი, რაც ფირცხალავას აქვს წაყენებული.

 

„დაკავების ოქმში აღნიშნულია, რომ ფირცხალავამ დაგეგმა და ორგანიზება გაუკეთა და ამ სპეცოპერაციით შენიღბა მის მიერ დაგეგმილი მკვლელობა. მგონი, აბსურდის თეორიამდე მივდივართ. ფირცხალავა ამბობს, რომ აბსურდია ეს ყველაფერი და მიანიშნებს იმაზე, რომ ეს არის წინასწარ დაგდგმილი სცენარი, რომლის შესახებაც ძალაინ დიდი ხანია საუბრობენ,“– ამბობს ადვოკატი დავით ხაჟალია.

 

ადვოკატ დარეჯან გილაშვილის თქმით, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი წევრი დავით ალელიშვილიც, რომელიც, პროკურატურის განცხადებით, კორტების სპეცოპერაციაში მონაწილეობდა. დარეჯან გილაშვილი ამბობს, რომ ბრალდებულის თქმით, სპეცოპერაცია კანონის ფარგლებში ჩატარდა:

 

„ერთადერთი, რაც მე დავით ალელიშვილისგან მოვისმინე, ეს  იყო, რომ ის თვლის თავს უდანაშაულოდ. მას, რა თქმა უნდა, მიღებული აქვს ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობა, თუმცა ის მიიჩნევს, რომ ეს სპეცოპერაცია, მისი თვალთახედვით, იყო ჩატარებული აბოსლუტურად კარგად და მას არ დაურღვევია არანაირი კანონი,“– ამბობს დავით ალელიშვილის ადვოკატი.

 

კიდევ ერთი დაკავებულის, გიორგი ცააძის ადვოკატი, ინგა სეხნიაშვილი განმარტავს, რომ არც მისი დაცვის ქვეშ მყოფიც ცნობს თავს დამნაშავედ.

 

„როდესაც განუმარტა პროკურატურამ, რასთან დაკავშირებით იქნა დაკავებული, მან აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არანაირ დანაშაულში ბრალი არ მიუძღვის და არ დაეთანხმა მის დაკავებას.“– განაცხადა ცააძის ადვოკატმა.

 

პროკურატურის განცხადებით, შსს–ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილმა მოადგილმ, გიორგი ცააძემ კორტებთან განცხორციელებული სპეცოპერაციისას ცეცხლსასროლი იარაღიდან მანქანის სალონის წინა ნაწილში მჯდომი ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მიმართულებით  საკონტროლო გასროლები მოახდინა.

 

2 თებერვალს საქართველოს მთავრმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 2006 წელს ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის საქმე გახსნილია. ამ საქმეზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით 11 პირი დააკავეს.

 

საქმეზე გამოძიება მინდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ა“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით და 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

მასალების გადაბეჭდვის წესი