ახალი ამბები

10 მნიშვნელოვანი რამ რ2-ზე დვალი-აქიმიძის საპარლამენტო მოსმენიდან

26 ივლისი, 2019 • 2351
10 მნიშვნელოვანი რამ რ2-ზე დვალი-აქიმიძის საპარლამენტო მოსმენიდან

„რუსთავი 2“-ს სჭირდება სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება — მას პარტიული ნიშანი უნდა ჩამოშორდეს, თუმცა უნდა დარჩეს ხელისუფლების „მოდარაჯე ძაღლად“ და კრიტიკულ მედიად; გიორგი გახარია უნდა გადადგეს; მამუკა ხაზარაძეს „ანაკლიის პორტის“ გამო პოლიტიკურად დევნიან; რ2-ის საბაზრო ფასი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მათ გადაუხადეს, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან თანადამფუძნებლებს საერთოდ არ უნდოდათ არხის გაყიდვა, – ასეთია ის ძირითადი განცხადებები, ამბები და შეხედულებები, რაც „რუსთავი 2“-ის თანადამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის 26 ივლისის საპარლამენტო მოსმენიდან გავიგეთ.

დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე „რუსთავი 2“-ის წილებს 2004 წლამდე ფლობდნენ. ისინი უკვე წლებია აცხადებენ, რომ 30-30-პროცენტიანი წილები ნების საწინააღმდეგოდ გააყიდინეს. პარლამენტში ისინი ოთხმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მიიწვია „რუსთავი 2“-ის საქმის დეტალების შესახებ სასაუბროდ. „ნეტგაზეთმა“ დღევანდელი მოსმენა შეაჯამა.

სარედაქციო პოლიტიკის ხედვა და წითელი ხაზები

დვალი და აქიმიძე ამბობენ, რომ დაუშვებლად თვლიან „რუსთავი 2“-ის, როგორც თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის, გაჩუმებას და მიაჩნიათ, რომ მისი საინფორმაციო კურსის შეცვლა იქნება დიდი დარტყმა ქვეყნისთვის. ამასთან, როგორც დვალმა თქვა:

„სარედაქციო პოლიტიკა შესაცვლელია, რა თქმა უნდა, იმ მხრივ, რომ ტაბუები უნდა აეხსნას რაღაც თემებს, რაც, სამწუხაროდ, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ზეგავლენის ქვეშ იკარგება“.

მისი თქმითვე, ქიბარ ხალვაშისგან არ მიიღებენ არანაირ წინადადებას, თუ არ იქნება მათ ხელში ბერკეტი და გარანტია იმისა, რომ „რუსთავი 2“ შეინარჩუნებს „თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის“ როლს:

„ან გვეძლევა ბერკეტი გავაგრძელოთ რ2-ის სვლა სწორი მიმართულებით, ან ჩვენ ჩავთვლით, რომ რ2 ჩვენ კიდევ ერთხელ წაგვართვეს. კიდევ ერთხელ წაგვართვა ხელისუფლებამ, კიდევ ერთხელ- ქიბარ ხალვაშის ხელით“.

„გახარია უნდა გადადგეს“ — სამოქალაქო პოზიციები

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო რატიანის კითხვაზე პასუხად თავიანთ სამოქალაქო პოზიციებზეც ისაუბრეს. მაგალითად, დავით დვალმა თქვა, რომ მხარს უჭერდა და ახლაც უჭერს მოთხოვნას შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო, რასაც დარბაზში აპლოდისმენტები მოჰყვა. მამუკა ხაზარაძის საქმეზე კი თქვა:

„[ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში] დაბრუნებაც იმიტომ მოხდა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩაშლილიყო, ამის ჩაშლა კი პირდაპირ რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე იყო“. იქვე თქვა, რომ „20 ივნისის დარბევის სისასტიკე კი იყო მცდელობა, რომ თავისი დიდი ბოსისადმი კრემლში ეჩვენებინა, რომ გამოასწორა სიტუაცია და სჯის იმ ხალხს, ვინც რუსეთის საწინააღმდეგო რაღაც გააკეთა“. მისი თქმითვე, ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებით „დიდი ალბათობით, წერტილი დაესვა ანაკლიის პორტის მშენებლობას“…

„აუცილებელია სახელმწიფოს აღიარება“

დვალმა და აქიმიძემ თქვეს, რომ უკვე შეხვდნენ რ2-ის ახალ გენერალურ დირექტორს, პაატა სალიას, თუმცა ჯერ კიდევ არ შეხვედრიან ახალ მფლობელ ქიბარ ხალვაშს, რომელიც მათ 50%-იან წილს ჰპირდებოდა; ის ასევე ამბობდა, რომ არხის გენერალურ დირექტორად დვალს დანიშნავდა. დვალი და აქიმიძე ამბობენ, რომ ხალვაშს, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში შეხვდებიან და შეხვედრის შემდეგ ისევ ისაუბრებენ.

ამასთან, დამფუძნებლები კატეგორიულად ამბობენ, რომ იმის მიუხედავად, თუ რას გადაწყვეტს ხალვაში, ისინი სახელმწიფოსგან ითხოვენ იმის აღიარებას, რომ მათ წილები ძალით დაათმობინეს. ჯარჯი აქიმიძემ თქვა:

„რა მოლაპარაკებაც უნდა შედგეს, რაზეც არ უნდა შევთანხმდეთ, როგორც არ უნდა შევიდეთ ტელევიზიაში, ჩვენ მოვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას და იმის აღიარებას, რომ სახელმწიფომ თავის დროზე ჩვენ წინაშე ჩაიდინა დანაშუალი. ეს ყველაფერი გვჭირდება იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ აღდგეს ჩვენ წინაშე სამართლიანობა და ჩვენ არასდროს არ ვიყოთ შინაგანად ვალში ვინმეს მიმართ, რომელიც შეიძლება ძალიან კეთილი იყოს, მაგრამ არც მას გაუჩნდეს პრეტენზია ჩვენ მიმართ“.

„საზოგადოებრივი ტელევიზია“

დათო დვალი ამბობს, რომ დამფუძნებლებს ჯერ კიდევ 2004 წელს ჰქონდათ იდეა, „რუსთავი 2“ ექციათ ერთგვარ საზოგადოებრივ ტელევიზიად და გადაეცათ სამართავად ჟურნალისტებისთვის.  დვალის თქმით, თუკი წილები დაუბრუნდებათ, კვლავ მიუბრუნდებიან ამ იდეას:

„თუ ოდესმე მეღირსა და სამართალი აღდგა, იქნებ ისევ მივუბრუნდეთ იმ ფორმატს, რომ რაღაცნაირად იმ ხალხს [ჟურნალისტებს] და მხარეებს მივცეთ ტელევიზიის მართვის და ფლობის ბერკეტები, რომ მომავალში ვინმეს ხელში ჩავარდნის მინიმიზაცია მოხდეს. ჩვენ მზად ვართ ამისთვის“.

„ბუნდოვანია, გამოძიება გრძელდება თუ არა“

დვალი და აქიმიძე ამბობენ, რომ ბუნდოვანია, გრძელდება თუ არა გამოძიება მათ საქმეზე. პროკურატურამ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ თქვა, რომ გამოძიება გრძელდება, თუმცა, როგორც მათმა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განმარტა, საქმის ვითარება ასეთია:

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ხანდაზმულობის ვადა კი- 15 წელს. ამ საქმეს აქვს ორი ნაწილი:

ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება, რაზეც ისინი დაზარალებულად არიან ცნობილნი. ეს დანაშაული 2004 წელსაა ჩადენილი და ხანდაზმულობის ვადა 15 წელია;

ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამის“ მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება, რაზეც ისინიც არიან ცნობილნი დაზარალებულად. ოღონდ ეს დანაშაული 2007 წელს იქნა ჩადენილი. 15 წელი აქედან არ გასულა.

ბარათაშვილის თანახმად, ივნისში პროკურატურის  მიერ გაკეთებული განცხადება ბუნდოვანია, რადგან შესაძლოა, რომ ხანდაზმულობის ვადა მხოლოდ მეორე ნაწილში მოაზრებულ დანაშაულს არ გასვლია. ამიტომ პროკურატურას სთხოვენ, დააკონკრეტონ, გრძელდება თუ არა დვალისა და აქიმიძის ეპიზოდზეც გამოძიება.

„მართალია, პროკურატურამ თავის დროზე გამოიძია ეს საქმე და დაზარალებულად ცნო დვალი და აქიმიძე, მაგრამ აღარ გააგრძელა. ახლა ვწონით, როგორ შეიძლება ბრძოლა. თუ მაინც დადებს შემაჯამებელ დასკვნას პროკურატურა — 2 წელია ექსპერტიზა აქვს დანიშნული და არ დამთავრებულა — თუ მიიჩნევს, რომ ეს გადახდილი ფასი [600-600 ათასი აშშ დოლარი] იყო შეუსაბამოდ მცირე იმ ღირებულებასთან, რაც რ2 ღირდა, და ამას თან ახლდა იძულება, შეიძლება დადგეს არა მხოლოდ ქიბარ ხალვაშთან, არამედ პაატა კარსანიძესთან და ხალვაშთან დადებული ხელშეკრულებების ბათილობის საკითხი, რადგან ისინი ამორალურ გარიგებად ჩაითვლება“.

დავა სტრასბურგში?

დვალსა და აქიმიძეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში წარმოუდგენიათ სტრასბურგის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დავის წარმოება. ადვოკატის თქმითაც, უკიდურესი შესაძლებლობაა, რომ სტრასბურგში სახელმწიფოს ედავონ მე-13 მუხლით, რაც გულისხმობს დარღვეული უფლების ეფექტიანად დაცვის უფლებას.

„დასაბუთება იმგვარია საჭირო, რომ ჩვენ ყველა შესაძლებელი ზომა გამოვიყენეთ თუ არა, რომ ყველა საშუალება ამოგვეწურა, ეს ერთი, და მეორე, როდის შეგვექმნა იმის საფუძველი, რომ დავრწმუნებულიყავით, რომ შიდა გამოძიება არაეფექტურია. მიმაჩნია, რომ ეს თარიღი არის 16 ივნისი, ვინაიდან ამ დღეს, მრავალი დაპირებისა და დაზარალებულად ცნობის მიუხედავად, შეგვექმნა სრული წარმოდგენა, რომ ბრალის წარდგენას არ აპირებენ. ბრალის წარდგენა ხსნის ხანდაზმულობის ვადას“. თუმცა ეს გზა ნიშნავს, რომ მათ აღარ ექნებათ შანსი, რომ რ2-ის წილების საკუთრებაზე იდავონ და სახელმწიფოსგან მხოლოდ ანაზღაურების მოთხოვნაღა დარჩებათ.

რა თანხა მისცეს/რა ღირდა?

დვალსა და აქიმიძეს საბოლოოდ 600-600 ათას აშშ დოლარი მისცეს თავიანთ 30%-იან წილებში, თუმცა, როგორც ისინი ამბობენ, „რუსთავი 2“-ის საბაზრო ფასი იმ დროს სულ მცირე 50 მილიონი აშშ დოლარი იყო.

„ჩვენებაში ყველას [მე, კიწმარიშვილს და ჯარჯის] მოკრძალებულად გვაქვს მითითებული 50 მილიონი დოლარი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ეროსისთან მე კონტაქტი არ მქონდა, როცა მან ჩვენებაში გასცა პასუხი, რომ მისი აზრით, რუსთავი 2 ღირდა 50 მილიონი დოლარი და იგივე პასუხი მივეცით ჩვენ. ეს სუფთა ეკონომიკური შეფასებაა“.

ამის მიუხედავად, ისინი ამბობენ, რომ ამ ყველაფერს არ აქვს მნიშვნელობა, რადგან მათ საერთოდ არ სურდათ, რომ გაეყიდათ ტელეკომპანია.

პატარკაციშვილის „ნიუსკორპისთვის“ მიყიდვაზე

ირაკლი ოქრუაშვილმა თქვა, რომ 2004 წელს რ2-ის დამფუძნებლებმა დააპირეს, „რუსთავი 2“ მიეყიდათ კომპანია „ნიუსკორპისთვის“, რომლის უკანაც ოპოზიციაში მყოფი ბადრი პატარკაციშვილი იდგა. ოქრუაშვილის თქმით, სწორედ ამისგან თავის ასარიდებლად „შესთავაზეს“ დამფუძნებლებს, რომ „ნიუსკორპისთვის“ არ მიეყიდათ და ისინი იყიდიდნენ.

მოსმენაზე აქიმიძემ და დვალმა თქვეს, რომ ეს შეთავაზება „ნიუსკორპისგან“ 2001 წელს მიიღეს და არა 2004 წელს, თუმცა, როგორც კი გაიგეს, რომ კომპანიის უკან პატარკაციშვილი იდგა, მოლაპარაკებები შეწყვიტეს. შესაბამისად, ოქრუაშვილის მონათხრობი, მათი თქმით, არაზუსტია.

„კიწმარიშვილის წილზე ოჯახს შეუძლია დავა“

დვალმა მოსმენაზე თქვა, რომ არ იცის დეტალები, როგორ მოხდა ეროსი კიწმარიშვილის მიერ „რუსთავი 2“-ის წილის დათმობა, ასევე, ზუსტად არ იცის, რა გადაუხადეს მას, მაგრამ თუ დარღვევები იყო, ეროსი კიწმარიშვილის მეუღლეს, ია კიწმარიშვილს სრული უფლება აქვს, “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით პრეტენზია გამოხატოს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვთვლით, რომ ქალბატონი ია კიწმარიშვილი არის სამართალმემკვიდრე და მას აქვს სრული უფლება, პრეტენზია გამოაცხადოს, თუ თვლის, რომ რამე ისე არ იყო “რუსთავი 2″-ის წილების წაღების საქმეში. ჩვენ ვცდილობთ, რომ ცალკე არ ვილაპარაკოთ იმიტომ, რომ ორ სხვადასხვა დროს და სხვადასხვანაირად მოხდა წილების დათმობა. მე და ჯარჯი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ერთად გავდიოდით იმ წნეხს… ჩვენზე ცალკე ჯგუფი მუშაობდა და ეროსისთან ცალკე მუშაობდნენ. ჩემთვის ძალიან ცოტაა ცნობილი იმის შესახებ, რაზე შეთანხმდნენ, იყო თუ არა იძულება და ა.შ. მე მახსოვს, ეროსი იძახდა, რომ თუ აღმოჩნდა, რომ მე და ჯარჯის წაგვართვეს ტელევიზია, გამოძიებამ, წესით, იგივე უნდა აჩვენოს მასთან დაკავშირებითაც“.

„როგორ დაიგეგმა წართმევა“

2004 წელს განვითარებულ მოვლენებზე აქიმიძისა და დვალის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა ისაუბრა და მიმოიხილა სისხლის სამართლის საქმე. მისი თქმით, პროკურატურას, ფაქტობრივად, გამოძიებული აქვს ეს საქმე, რომლის ფარგლებშიც დაკითხულები არიან ირაკლი ოქრუაშვილი, დიმიტრი ქიტოშვილი, ჯემალ ინაიშვილი, ეროსი კიწმარიშვილი, გიორგი გეგეშიძე და მრავალი სხვა [ნუნუ გინტური, ქიბარ ხალვაში].

ბარათაშვილის თქმით, საქმეში არსებობს „აღიარებითი ჩვენებები“, თუ როგორ წაართვეს დვალსა და აქიმიძეს წილები და სად და როგორ დაიგეგმა ეს პროცესი:

„ეს დაიგეგმა მიხეილ სააკაშვილის კაბინეტში, როდესაც მან მოიწვია ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი; დაავალა, რომ მათ უნდა ჰქონოდათ წილები. შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეროსი კიწმარიშვილთან საქმეს თვითონ მოაგვარებდა, ხოლო ადეიშვილს დაავალა, რომ მას ემუშავა დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან“.

როგორც ადვოკატმა თქვა, საქმის მასალების თანახმად, ამას მოჰყვა მერაბიშვილისა და ადეიშვილის პირადად შეხვედრა დვალთან და აქიმიძესთან ერთ-ერთ რესტორანში: „პირდაპირ დასვეს საკითხი, რომ ეს წილები უნდა გადაფორმებულიყო. მათი უარის შემდეგ დაიწყო ყოველდღიური თვალთვალი. შემდეგ კი, როგორც ეროსი კიწმარიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი და სხვები აღწერენ, სქემის მიხედვით, რომელიც მათ ეროსი კიწმარიშვილმა მიაწოდა, დაიწყო გაკოტრების წარმოება“.

„ეს იყო უმძიმესი დარტყმა, რადგან რ2-ს აღებული ჰქონდა კრედიტი და კრედიტის უზრუნველსაყოფად დატვირთული იყო მათი პირადი უძრავი ქონება, მათი წილები მათ მეორე კომპანიაში, „ჯორჯია ონლაინში“. მეორე დღესვე მოვიდა გამაფრთხილებელი წერილები, რომ იწყებდნენ უზრუნველყოფის საშუალებების დაუფლებას. ამან გახადა ისინი იძულებული, წასულიყვნენ წილების გადაფორმებაზე“.

„მართლაც მოხდა წილების გადაფორმება. იქვე არის არაერთი ნოტარიუსი, მათ შორის ნუნუ გინტური დაკითხული, რომელიც აღწერს, რა ვითარებაში და როგორ მოხდა ეს ყვეალფერი. ასევე, დაკითხულია ქიბარ ხალვაში. შეიძლება გასაკვირიც იყოს, მაგრამ ყველა ხაზს უსვამს, რომ ეს მოხდა იძულებით, მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილიც“.

„დიმიტრი ქიტოშვილმა, რომელიც იყო კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, პირადად შეუდგინა ეროსი კიწმარიშვილს გაკოტრების შესახებ განცხადება სასამართლოში შეტანილი… მასალებში ჩანს, როგორ დაიბარა ადეიშვილმა იმნაიშვილი და როგორ სთხოვა შუამავლობა; როგორ გადასცეს მას, რომ ტრუსიკის ამარა დატოვებდნენ, თუ არ დათანხმდებოდა“.

ამ საქმეზე დეტალური ინფორმაციისთვის ასევე გირჩევთ:

არ მინდა რუსთავი 2 ისე დამიბრუნდეს, კითხვის ნიშანი დარჩეს – ინტერვიუ დავით დვალთან

მასალების გადაბეჭდვის წესი