ასეულობით ადამიანი დღეს, 31 იანვარს თბილისის საკრებულოს შენობის წინ შეიკრიბა, რათა “თბილისი პანორამის” მშენებლობა გაეპროტესტებინა. პროექტი თავისუფლების მოედანზე, ე.წ. ცეკავშირის შენობის ადგილას, ერეკლე მეორის მოედანზე, “ქართული ოცნების” ოფისის გვერდით მრავალფუნქციური კომპლექსების აშენებას ითვალისწინებს.
“ეს არის საპროტესტო აქცია იმ პროექტის წინააღმდეგ, რომელსაც გეგმავს საქართველოს დე ფაქტო მმართველი. “პანორამა თბილისი’’ არის მორიგი გამანადგურებელი დარტყმა ამ ქალაქისათვის, მისი დამახინჯების, ანტისოციალური პროექტი. ჩვენ აქ გვინდა დავიცვათ დღეს ქალაქი, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ინტენსიურად ანგრევენ, ამახინჯებენ და აუპატიურებენ ‘’- განაცხადა ფილოსოფოსმა გიორგი მაისურაძემ.
დღევანდელი აქციის მონაწილეები იყვნენ ,,პარტიზანული მებაღეობა’’ , ,, მწვანე მუშტი’’, ,,თბილისის ჰამქარი’’ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და ის მოქალაქეები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პროექტის აშენება თბილისის ძველი უბნის იერსახეს დაამახინჯებს.
როგორც პარტიზანული მებაღეობის წარმომადგენელმა ნატა ფერაძემ აღნიშნა, დღევანდელი აქცია თვრამეტი ორგანიზაციის მიერ იყო ორგანიზებული. სწორედ ამ ერთიანობას დაერქვა ,,ერთად’’. მისი თქმით, ის და მისი თანამოაზრეები არ არიან ქალაქის განვითარების წინააღმდეგნი, უბრალოდ ეს ცვლილებები გააზრებულად უნდა მოხდეს, რომ არ ავნოს ქალაქს და მას საინტერესო ადგილები შემატოს.
“ჩვენ კატეგორიულად ვთვლით, რომ ამხელა ინვესტირება ქალაქში განხილვის გარეშე არის დაუშვებელი. ჩვენ შეგვაქვს განცხადება ეკონომიკის სამინისტროში, სადაც მოვითხოვთ, რომ დაგვასწრონ განხილვას. ჩვენ ვაპირებთ საინფორმაციო ომს”,-ამბობს ფერაძე.
აქციის მონაწილეები აფრიალებდნენ დროშებს, უსტვენდნენ და ყვიროდნენ – ,,არა პანორამას’. საკრებულოსთან შეკრებილი ხალხი მოგვიანებით სოლოლაკის ქედისკენ დაიძრა, სადაც “თბილისი- პანორამას” ნაწილი უნდა განთავსდეს. აქციის მონაწილეები საკრებულოდან სოლოლაკის ქედამდე აგრძელებდნენ ყვირილს, დასასრულს კი იმ ადგილას, სადაც პროექტი უნდა აშენდეს SOS – ის ფორმაზე განლაგდნენ და ასე დაასრულეს აქცია.
აქციას ესწრებოდა მწერალი ლაშა ბუღაძე. მისი თქმით, დაგეგმილი ცვლილება თბილისის კიდევ ერთი “მახინჯი ჩარევაა” ქალაქის არქიტექტურაში.
“ჩვენ ვაპროტესეტებთ კიდევ ერთ ცვლილებას თბილისის ცენტრში, მახინჯ ჩარევას .თუნდაც ის, მხატვრის სახლის ადგილას რომ აშენდა, სრული კატასტროფაა, ჩემი აზრით. და ეს ახალი მონსტრი, რომელიც გაჩნდება ქალაქის უძველეს და ულამაზეს ნაწილში.’’
პროექტ “პანორამა თბილისის’’ პრეზენტაცია 2014 წლის მარტში გაიმართა. “თანაინვესტირების ფონდი”, რომლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილია, მიზნად ისახავს თავისუფლების მოედანზე, ე.წ. ცეკავშირის შენობის ადგილას, ერეკლე მეორის მოედანზე, “ქართული ოცნების” ოფისის გვერდით მრავალფუნქციური კომპლექსების აშენებას. პროექტის მიხედვით, სასტუმრო და ბაღი აშენდება სოლოლაკის ფერდობზე, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრის გვერდით. სასტუმროებთან დაკავშირება საბაგირეობისა და დახრილი ლიფტების საშუალებით იქნება შესაძლებელი.
















