ახალი ამბები

პროკურატურის განცხადების შემდეგ, ეკონომიკამ მილიარდი ლარის ინვესტიცია დაკარგა – ხაზარაძე

26 ივლისი, 2019 • 1094
პროკურატურის განცხადების შემდეგ, ეკონომიკამ მილიარდი ლარის ინვესტიცია დაკარგა – ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ, რა დროსაც მას და ბადრი ჯაფარიძეს ფულის გათეთრებაში წარედგინა ბრალი, საქართველოს ეკონომიკამ მილიარდი ლარის ღირებულების ინვესტიცია დაკარგა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ხაზარაძისა და ჯაფარიძის სასამართლო სხდომა გაიმართება. სხდომამდე ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ თიბისის საქმე, მათ შორის, პროკურატურის განცხადებები, საქართველსო საინვესტიციო რეპუტაციას აზიანებს.

“პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მე და ბადრი ჯაფარიძე ვეფარებოდით თიბისი ბანკს და ანაკლიას იმისთვის, რომ იმუნიტეტად გამოგვეყენებინა ჩვენი ეს ორი უზარმაზარი კომპანია, რომელიც შევქმენით. ჩვენ ბოლო 6 თვის განმავლობაში ორჯერ მოგვიწია გადადგომა ამ უპასუხისმგებლო, ქვეყნისთვის აბსოლუტურად საზიანო ქმედებებიდან გამომდინარე, რომლებმაც არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში მოჭრა თავი ქართულ საინვესტიციო გარემოს… მეორე გადადგომა გუშინ გნვახორციელეთ იმის შემდეგ, რაც ჩევნ აგვირჩიეს ჩვენმა ინვესტორებმა.

ამას მოჰყვა ის ფაქტი, რომ დოკუმენტისა და მასალის გადმოსაცემად პროკურატურამ მესამედ ჩაატარა ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული 5-წუთიანი ბრიფინგი, რომელმაც ქართულ ეკონომიკას დააკარგვინა ისედაც მყიფე საინვესტიციო რეპუტაცია, ძალიან მსხვილი ინვესტორები და ქართულ კომპანიებს, რომლებიც ლონდონის ბირჟაზე არიან, ორი დღის განმავლობაში დაუგდო ღირებულებება, დაახლოებით მილიარდი ლარის ოდენობით.

2 დღეში ეკონომიკას, პროკურატურის უნიჭო განცხადებით, ისევე, როგორც 6 თვის წინ, მიადგა უზარმაზარი ზარალი. დღეს ჩვენ აქ მოვედით. გავიგეთ, რომ თურმე მილიონ ლარს გვთხოვენ [გირაოს თანხად] – ეს არის დღევანდელი მთავრობისა და პოლიტიკის შედეგი, როდესაც მილიარდი ლარის ინვესტიციას ბადრის და მამუკას 2 მილიონ ლარში ცვლიან. აღარ ვლაპარაკობ რეპუტაციაზე, ნდობაზე და საერთოდ, იმ გაუგებარ პოზიციაზე, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ჩვენს ხელისუფლებას აქვს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით ხაზარაძისთვისა და ჯაფარიძისთვის თითო-თითო მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვს.

საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ბრალს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ქმედებების მიზანი ანაკლიის პორტის მშენებლობის ხელშეშლაა. სწორედ მამუკა ხაზარაძე ხელმძღვანელობს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელიც პორტს აშენებს.

პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის გირაოს სახით თითო-თითო მილიონის შეფარდებას ითხოვს – ადვოკატი

მასალების გადაბეჭდვის წესი