ახალი ამბები

პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის გირაოს სახით თითო-თითო მილიონის შეფარდებას ითხოვს – ადვოკატი

26 ივლისი, 2019 • 1085
პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის გირაოს სახით თითო-თითო მილიონის შეფარდებას ითხოვს – ადვოკატი

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის ინფორმაციით, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით თითო-თითო მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვს.

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე სხდომა საქალაქო სასამართლოში დღეს, 26 ივლისს,  16:00 საათზე ჩაინიშნა. მანამდე საქართველოს გენერალურმა პროკურატუამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. თუმცა არ განმარტა, კონკრეტულად რას ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახით.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ბრალს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ქმედებების მიზანი ანაკლიის პორტის მშენებლობის ხელშეშლაა. სწორედ მამუკა ხაზარაძე ხელმძღვანელობს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელიც პორტს აშენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი