ახალი ამბები

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მყინვარწვერზე ადის

26 ივლისი, 2019 • 1044
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მყინვარწვერზე ადის

ელიზაბეთ რუდი, რომელიც აშშ-ის ელჩის მოვალეობას ასრულებს საქართველოში, მყივარწვერზე ადის. ინფორმაციას  და შესაბამის ფოტომასალას სოციალურ ქსელში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს თანახმად, ელიზაბეთ რუდი ინტერნეტმომხმარებლებისგან ელოდება რჩევებსა და რეკომენდაციებსაც, რა მოინახულოს ყაზბეგში. 

“ამ წუთებში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი მყინვარწვერზე ადის. ამ ფოტოების გამოგზავნისას გვთხოვა თქვენი რეკომენდაციები, რა მოინახულოს ყაზბეგში? მოგვწერეთ რჩევები კომენტარებში,” –  წერია საელჩოს გავრცელებულ პოსტში.

პოსტს თან ახლავს ჰეშთეგიც #spendyoursummeringeorgia, რითაც რუდი უერთდება სამოქალაქო კამპანიას საქართველოში მეტი ტურისტის მოსაზიდად. 

ელიზაბეთ რუდი 1 თვის წინაც შეუერთდა აღნიშნულ კამპანიას და მან ამერიკელებს მოუწოდა, ზაფხული საქართველოში გაეტარებინათ.

„ყველაზე მეტად საქართველოს ბუნებრივი სილამაზე მიყვარს. საქართველოს სუნთქვისშემკვრელ პეიზაჟებს მხოლოდ მისი ისტორიულ-კულტურული სიმდიდრე და ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა თუ შეედრება. მოდით, გაატარეთ ზაფხული საქართველოში და თავად დარწმუნდით!” –  დაწერა ელიზაბეთ რუდიმ 28 ივნისს.

მასალების გადაბეჭდვის წესი