რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები, შესაძლოა, 2020 წლის პირველი ნახევრიდან აღდგეს. ამის შესახებ რუსული გამოცემა “იზვესტია” “ინფორმირებულ სამთავრობო წყაროზე” დაყრდნობით წერს.
გამოცემას წყარომ უთხრა, რომ ფრენების აღდგენას კრემლი ახალ წლამდე გეგმავდა, თუმცა “ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისისა და თბილისში გამართული მასობრივი მიტინგების გამო ამის საშუალება არ არსებობდა”.
გამოცემა ასევე საუბრობს ქვეყანაში “რუსოფობიულ განწყობებზე”, მისი თქმით, ამ დამოკიდებულებამ საქართველოში იკლო, თუმცა რუსი ტურისტებისთვის სიტუაცია ბოლომდე უსაფრთხო მაინც არ არის.
ე.წ. რუსოფობია და უსაფრთხოების რისკები იყო სწორედ ის გარემოებები, რაზეც კრემლი მიუთითებდა მაშინ, როდესაც საქართველო-რუსეთს შორის ფრენები აკრძალა.
ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ საქართველოში ვიზიტის დროს რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაჯდა, რასაც თბილისში ანტისაოკუპაციო აქციები მოჰყვა. აქციები 20 ივნისს დაიწყო და პროტესტის განმავლობაში, დემონსტრანტებმა რამდენიმე მოთხოვნა დააყენეს, მათ შორის, მაშინდელი შს მინისტრის – გიორგი გახარიას გადაყენება და 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება.
რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული შეაფასა “რუსოფობიურ პროვოკაციად” და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.
რუსულ ავიაკომპანიებს ფრენების აკრძალვის შემდეგ დაპირებულ კომპენსაციას არ აძლევენ – მედია