საზოგადოება

მოსკოვის ბილეთის ფასი 670 ლარიდან იწყება

15 მაისი, 2023 • 9136
მოსკოვის ბილეთის ფასი 670 ლარიდან იწყება

თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ფრენის ღირებულება 670 ლარიდან იწყება.

ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთმა” Azimuth Airlines-ის აპლიკაციაში გადაამოწმა. აღნიშნულ რუსულ ავიაკომპანიას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქართველოში ფრენის უფლება დღეს მიანიჭა.

აპლიკაციის თანახმად, თბილისი-მოსკოვის პირველი რეისი 19 მაისს არის ჩანიშნული.

Azimuth Airlines-ის ბილეთებს ორ კატეგორიად ყიდის. პირველი, შედარებით დაბალფასიანი ბილეთის ღირებულება, რომელიც 5-კილოგრამიან ხელბარგს და 23 კგ-ს ჩასაბარებელ ბარგს მოიცავს, 20 675 რუბლია, რაც 670 ლარს შეადგენს – საუბარია მხოლოდ ერთ გზაზე.

მეორე კატეგორია, რომელშიც 10-კილოგრამიანი ხელბარგი და 23 კგ ჩასაბარებელი ბარგი შედის, 55 535 რუბლი ღირს, რაც 1 800 ლარია, ესეც მხოლოდ ერთი გზის ბილეთის ფასია.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია Azimuth Airlines არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე დღეს, მიმდინარე წლის 15 მაისს გასცა.

ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე, შესრულდება მიმდინარე წლის 17 მაისიდან, კვირაში შვიდი სიხშირით.

Azimuth Airlines ავიარეისებს, ძირითადად, რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სტამბოლისა და თელ-ვივის მიმართულებით ახორციელებს.

ავიაკომპანია არ დაფრინავს ევროპის მიმართულებით. მის ბალანსზე რუსული წარმოების, 19 ერთეული სამგზავრო თვითმფრინავი Sukhoi Superjet-ია. მართალია, აღნიშნულ თვითმფრინავებს თავად რუსეთი აწარმოებს, მაგრამ ნაწილების დიდი უმრავლესობა დასავლური კომპანიებიდან არის იმპორტირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი