ახალი ამბები

ბახტაძე ხაზარაძეს და სხვებს მოუწოდებს, თავისი განცხადებებით თიბისი არ დააზიანონ

26 ივლისი, 2019 • 2247
ბახტაძე ხაზარაძეს და სხვებს მოუწოდებს, თავისი განცხადებებით თიბისი არ დააზიანონ

“აშშ-ის საელჩოს განცხადებაში არის ისეთი სულისკვეთება, როგორიც ნებისმიერ ჩვენგანს აქვს – რა თქმა უნდა, უნდა იქნას უზრუნველყოფილი სასამართლოს გამჭვირვალე პროცესი და ეს ასეც იქნება”, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააკეთა აშშ-ის საელჩოს მიერ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის საქმეზე გავრცელებული შეფასების საპასუხოდ.

“ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებსათან დაკავშირებით”, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში, თუმცა პრემიერი ყურადღებას ამახვილებს განცხადების იმ ნაწილზე, სადაც მიუკერძოებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების სისტემის არსებობის აუცილებლობაზეა საუბარი.

“საქართველოში არის ევროპული დონის მართლმსაჯულების სისტემა და ეს არის მთავარი, აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, არანაირი კითხვის ნიშნები ამ პროცესის ირგვლივ, როგორც სხვა პროცესის მიმართ, არ იქნება”, – ამბობს ბახტაძე.

მთავრობის მეთაურის თქმით, აშშ-ის საელჩოს განცხადებაში არის საერთო სულისკვეთება –  იყოს უზრუნველყოფილი სასამართლოს გამჭვირვალე პროცესი და ეს ასეც იქნება.

„პირველ რიგში, ვიტყვი, რომ „თიბისი“ ბანკი არის ძალიან ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, ის სისტემური ბანკია ჩვენი ეკონომიკისთვის და, რა თქმა უნდა, მე ადრეც ვთქვი და დღესაც მსურს გავიმეორო და ეს არის ჩემი მოწოდება ყველა მხარის მიმართ, მათ შორის იქნება ეს მამუკა ხაზარაძე თუ სხვა ადამიანები ან პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ პოლიტიკური ქულები დაიწერონ ამ პროცესისგან – ამ განცხადებებით არ დავაზიანოთ ჩვენი ეკონომიკისათვის ასეთი მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტი. „თიბისი“ ბანკი არის სისტემური, ძლიერი ბანკი, წარმოდგენილი ლონდონის საფონდო ბირჟაზე – აქედან გამომდინარე, ჩვენს განცხადებებში ძალიან პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ თითოეულ სიტყვას, თითოეულ შეფასებას. რაც შეეხება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის საელჩოს განცხადებას, ამ განცხადებაში არის ისეთი სულისკვეთება, როგორიც ნებისმიერ ჩვენგანს აქვს – რა თქმა უნდა, უნდა იქნას უზრუნველყოფილი სასამართლოს გამჭვირვალე პროცესი და ეს ასეც იქნება. კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო – საქართველოში არის ევროპული დონის მართლმსაჯულების სისტემა და ეს არის მთავარი. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, არანაირი კითხვის ნიშნები ამ პროცესის ირგვლივ, როგორც სხვა პროცესის მიმართ, არ იქნება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავარმა პროკურატურამ 24 ივლისს თქვა, რომ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

აღნიშნული საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. პარლამენტში გამართული მოსმენისას მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ კატეგორიულად უარყვეს მათი მხრიდან რაიმე სახის უკანონო ქმედების ჩადენა. გამოძიება უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ჯაფარიძე და  ხაზარაძე წარდგენილ ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევენ.

24 ივლისს პროკურატურს ბრიფინგის შემდეგ ლონდონის ბირჟაზე თიბისის ჯგუფის აქციები დაახლოებით 12 პროცენტით გაუფასურდა, რამაც მამუკა ხაზარაძის ცნობით, ბანკის აქციონერებს 130-მილიონიანი ზარალი მიაყენა. იმავე დღეს გაუფასურდა ლონდონის ბირჟაზე წარმოდგენილი სხვა ქართული კომპანიების აქციებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი