ახალი ამბები

ირაკლი შოთაძე: იმედი მაქვს, იური ვაზაგაშვილის საქმე გაიხსნება

30 იანვარი, 2015 • • 1373
ირაკლი შოთაძე: იმედი მაქვს, იური ვაზაგაშვილის საქმე გაიხსნება

ირაკლი შოთაძეს იმედი აქვს, რომ ეს მკვლელობა გაიხსნება: “ნებისმიერი დანაშაულის შემთხვევაში პროკურატურის ნებისმიერი თანამშრომლის იმედი არის, რომ საქმე გაიხსნება. ეს იმედი რომ არ იყოს, რომ ჩვენ გავხსნით ნებისმიერ მომხდარ დანაშაულს, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მე პირადად ამ სამსახურში და ამ თანამდებობაზე არ ვიმუშავებდი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამის იმედი გვაქვს და დღევანდელი პროკურატურა, საგამოძიებო ნაწილის დანაყოფი, რომლის წარმოებაშიც არის საქმე, ყველაფერს აკეთებს, 24 საათის განმავლობაში მუშაობს, რომ ეს საქმე გაიხსნას და ის პირები, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, დაისაჯონ”

შოთაძის ინფორმაციით, გამოძიება იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს: 

“ამ ეტაპზე ჩვენ რამდენიმე ვერსიაზე ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, საქმეში არის წინსვლა. 11 დღით ადრე გაცილებით ნაკლები ვიცოდით, ვიდრე დღეს ვიცით და ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ამ ვერსიებზე, თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ ჩასატარებელია საკმაოდ ბევრი საგამოძიებო მოქმედება. ეს საქმე ცხელ კვალზე ვერ გაიხსნა. მკვლელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, შესაბამისად, აქ ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც ამ წამსაც გრძელდება. მე შემიძლია ვთქვა, რომ საქმე წინ არის წასული. არის ვერსიები. ეს არ არის მარტივი საქმე. ეს გამოძიება მოითხოვს დროს და 11 დღე არ არის ის ვადა, რომ ეს საქმე გამოძიებულ იქნას”.  

 

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას გარდაიცვალა. ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით [რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში] დაიწყო.

 

2006 წლის 2 მაისს თბილისში, ”დინამოს” ყოფილი კორტების ტერიტორიაზე, იქ, სადაც ამჟამად იუსტიციის სახლი მდებარეობს, სამართალდამცავებმა სპეცოპერაციისას ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლეს.

 

მაშინდელი გამოძიების ცნობით, სპეცოპერაციის დროს ყაჩაღური ჯგუფის წევრები დაიღუპნენ, რასაც მაშინვე მოჰყვა საზოგადოების ნაწილის პროტესტი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სპეცოპერაციის დროს პოლიციელებმა უდანაშაულო ახალგაზრდები მოკლეს.

 

ზურაბ ვაზაგაშვილის მამა  იური ვაზაგაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლებისგან მისი შვილის მკვლელობის ხელახალ გამოძიებას ითხოვდა, ამ მოთხოვნით 2013 წელს იუსტიციის სახლის წინ აქციაც გაიმართა.

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი