ახალი ამბები

რატომ არ გააშლევინეს მაჩალიკაშვილს კარავი? – პასუხს ის მერიისგან და შსს-სგან ელის

25 ივლისი, 2019 • 957
რატომ არ გააშლევინეს მაჩალიკაშვილს კარავი? – პასუხს ის მერიისგან და შსს-სგან ელის

მალხაზ მაჩალიკაშვილმა EMC-ის იურისტთან ერთად თბილისის მერიას მიმართა, რათა უწყებისგან ოფიციალურად მიიღოს პასუხი, იგეგმება თუ არა სარეაბილიტაციო სამუშაოები პარლამენტის შენობასთან. დღეს მას პოლიციამ სწორედ ამ მიზეზით არ მისცა კარვის გაშლის უფლება.

იურისტ ქეთი ჩუთლაშვილის თქმით, შსს-ს წარმომადგენლების დღევანდელი ქმედება წინააღმდეგობაში მოდის შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონთან, რომელიც მოქალაქეს უფლებას აძლევს, თავად აირჩიოს პროტესტის ფორმა.

“თბილისის ვიცემერმა გაავრცელა განცხადება, რომ არანაირი სარემონტო სამუშაოები არ იგეგმება. ბუნებრივია, ჩვენ მაინც გვჭირდება ოფიციალური დასტური მერიისგან, რომ ნამდვილად არ იგეგმება რაიმე ტიპის სარემონტო სამუშაოები. ამასთან, ბუნებრივია, შემდეგი განცხადებით მივმართავთ შსს-ს და მოვითხოვთ იმ სამართლებრივი საფუძვლის განმარტებას, რითაც დღეს ბატონ მალხაზ მაჩალიკაშვილს შეეზღუდა კარვის გაშლის უფლება.

შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება კანონით არის განმტკიცებული და ეს კანონი ითვალისწინებს გარკვეულ შემთხვევებში შეზღუდვას, თუმცა დროებითი კონსტრუქციების, მათ შორის, კარვის განთავსებასთან დაკავშირებით რაიმე ტიპის შეზღუდვას ჩვენი კანონმდებლობა არ იცნობს. ამდენად, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ზღუდავენ კარვის განთავსებას, ბუნებრივია, ამ დროს ცდილობენ, გააკონტროლონ შეკრება, რადგან კონსტიტუციით, მოქალაქეს უფლება აქვს, თვითონ აირჩიოს შეკრების ფორმა, ადგილი და დრო”, – აცხადებს ის.

თავად მალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიციის დღევანდელ ქმედებას პროვოკაციად აფასებს.

“დღეს იმას ცდილობდნენ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს რომელიმე პოლიციელზე აეწია ხელი”, – აცხადებს ის. მაჩალიკაშვილის თქმით, სახელმწიფოსთვის მისი მოთხოვნები “მძიმე ტვირთს” წარმოადგენს.

“ეს არის რაღაც კომედია, სასაცილოა. მე, ასეთ გამწარებულ ადამიანს, გულის სიღრმეში მეცინება კიდეც ამ ადამიანებზე, ამ შსს-ზე, ამ სუს-ზე, თუნდაც ამ ხელისუფლებაზე, თუნდაც ამ სისხლისმწოველ ივანიშვილზე. მე ხომ 429-ე დღეა იქ ვდგავარ და ვითხოვ სამართალს და სხვას არაფერს. სამართალს ვითხოვ ჩემთვისაც და მთელი ქვეყნისთვისაც. ვითხოვ, თქვან ის, რაც ჩაიდინეს უდანაშაულო ბავშვის მოკვლით. მაგრამ ამათთვის ეს ძალიან მძიმე ტვირთია. არ იციან, ამ ტვირთს სად გაექცნენ და როგორ გაექცნენ”, – ამბობს ის ჟურნალისტებთან საუბრისას.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გარდა, გეგმავს, პროტესტის ნიშნად კარავი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთანაც განათავსოს.

დღეს, 25 ივლისს, პოლიციამ მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტთან კარავი არ გააშლევინა. სამართალდამცავები ამბობდნენ, რომ ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება იგეგმება, უნდა აიყაროს ფილები და კარვის გაშლა მიზანშეწონილი არ არის. პოლიცია ვერ აკონკრეტებდა, როდიდან იწყება ტერიტორიის რეაბილიტაცია.

მცირე ხნის შემდეგ, თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ, განაცხადა, რომ მერია პარლამენტის წინ არანაირ სარეაბილიტაციო სამუშაოებს არ გეგმავს. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ უთხრეს სამართალდამცავებმა მაჩალიკაშვილს, რომ კარავს დაგეგმილი სამუშაოების გამო ვერ დადგამდა, ვიცემერმა უპასუხა:

“მე ვფიქრობ, რომ ქალაქის მასშტაბით ყოველთვის გვაქვს ჩვენ მიმდინარე შეკეთებითი სამუშაოები დაზიანებული მონაკვეთებისა. შეიძლება, ასეთი რაღაც იყოს რუსთაველზეც და ეს ჰქონდათ ალბათ სამართალდამცავებს მხედველობაში. მაგრამ სარეაბილიტაციო სამუშაოები რუსთაველის გამზირზე ჩვენ დაგეგმილი არ გვაქვს”.

მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტთან კარავი თვეების განმავლობაში ჰქონდა გაშლილი, თუმცა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, მისი თქმით, კარავი პოლიციამ წაიღო და ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ. მაჩალიკაშვილი დღეს უფრო პატარა კარვის დადგმას აპირებდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი