ახალი ამბები

ხალვაში: დვალმა და აქიმიძემ ზუსტად იციან, რაზეც შევთანხმდით

24 ივლისი, 2019 • 1604
ხალვაში: დვალმა და აქიმიძემ ზუსტად იციან, რაზეც შევთანხმდით

რუსთავი 2-ის 100%-იანი წილის მფლობელი, ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე დაზარალებულები არიან, ხოლო მას თავისი დანაპირები არ დავიწყებია.

კითხვაზე, საუბარია თუ არა დავით დვალისთვისა და ჯარჯი აქიმიძისთვის 40%-იან წილის დათმობაზე, ქიბარ ხალვაში პასუხობს, რომ – “არა”. თუმცა, მისივე განცხადებით, დვალმა და აქიმიძემ ზუსტად იციან, რაზეც მოილაპარაკეს.

“ჩვენ გვქონდა ჩვენი მოლაპარაკება. ჩვენ ვიცით ის, რაზეც მოვილაპარაკეთ და კიდევ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს. გაგრძელდება [მოლაპრაკებები], სად წავლენ?

მზად ვარ, ამ ადამიანებთან გავაგრძელო საუბარი და მაქსიმუმი გავაკეთო, რისი გაკეთებაც შემიძლია. არ გინდათ დეტალებში ასე ჩასვლა. ჩვენ გვქონდა კომუნიაკია 2-2.5- ნახევარი წლის წინ, იმის შემდეგ კომუნიკაცია შეწყდა, თუმცა მე არ დამვიწყებია არაფერი. აუცილებლად შევასრულებ ჩემს სიტყვას. არც არავინ დამიჩაგრავს, როგორც ამბობენ, და არც ვაპირებ დაჩაგვრას.

თუ მოუნდებათ და თუ გავერკვევით პირობებში, რა პირობებიცაა კომპანიაში, დავუთმობ. ჩვენ მოლაპარაკებული ვართ და მათ იციან, ზუსტად რაზეც ვართ მოლაპარაკებულები. ამაზე არ მინდა საჯაროდ საუბარი – ჯერ შევხვდები მათ და მერე ვილაპარაკოთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს ქიბარ ხალვაშმა დღეს, 24 ივლისს, სამხარაულის საექსპერტო ბიუროდან გამოსვლის შემდეგ.

  • ქიბარ ხალვაშმა დღეს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ხელმოწერის ნიმუში დატოვა და განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი აყალბებს დოკუმენტებს, თითქოს 2010 წელს ბერლინში ხალვაშმა ხელმოწერით დაუდასტურა, რომ რუსთავი 2-ის მხოლოდ ფორმალური მმართველი იქნებოდა.

2015 წელს ქიბარ ხალვაში აცხადებდა, რომ სასამართლოს მოგების შემდეგ არხის დირექტორად დავით დვალს დანიშნავდა, დვალს და აქიმიძეს კი ტელეკომპანიის 50 %-ს გადასცემდა. თუმცა, 2019 წლის 18 ივლისს, სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოცხადების დღესვე, ხალვაშმა არხის დირექტორად თავის ადვოკატი პაატა სალია დანიშნა და განაცხადა:

“ეს დიდი გამარჯვებაა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ერთი კაცის გამარჯვება. მე, ქიბარ ხალვაშმა, დღეს საბოლოოდ გავიმარჯვე იმ ათობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის სახელით, ვისაც მოძალადე რეჟიმმა სხვადასხვა დროს წაართვა სიცოცხლე, ჯანმრთელობა და შრომით მოპოვებული ქონება, შეულახა ღირსება!

ამ კონტექსტში არ შემიძლია, პირველ რიგში, არ ვახსენო დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, რადგან მე დღეს მათი სახელითაც გავიმარჯვე. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ტელევიზიის დაბრუნებისათვის ჩვენ ერთად უნდა გვებრძოლა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა საკუთარი უფლებების აღდგენისთვის ბრძოლაში საწყის ეტაპზე ვერ შედგა, დღეს, როდესაც გავიმარჯვე, კვლავ მზად ვარ, მაქსიმალურად გავითვალისწინო მათი ინტერესი”.

თავის მხრივ დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ მიულოცეს ხალვაშს გამარჯვება, თუმცა ასევე დასძინეს, რომ რუსთავი 2-ის დამფუძნებლებისთვის დაბრუნებამდე სამართლიანობა აღდგენილი არ იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი