ნეტგაზეთი | “ოქრუაშვილი რეგვენია!” – ხალვაშმა სამხარაულის ბიუროში ხელმოწერის ნიმუში ჩააბარა “ოქრუაშვილი რეგვენია!” – ხალვაშმა სამხარაულის ბიუროში ხელმოწერის ნიმუში ჩააბარა – Netgazeti
RU | GE  

“ოქრუაშვილი რეგვენია!” – ხალვაშმა სამხარაულის ბიუროში ხელმოწერის ნიმუში ჩააბარა

დღეს, 24 ივლისს, რუსთავი 2-ის 100%-იანი წილის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ხელმოწერის ნიმუში ჩააბარა. ბიუროში ხალვაში მის ადვოკატთან და ტელეკომპანიის ახლად დანიშნულ დირექტორთან, პაატა სალიასთან ერთად მივიდა.

ქიბარ ხალვაშმა ირაკლი ოქრუაშვილს “ბოლო კაცი”, “ნაძირალა” და “რეგვენი” უწოდა, რომელმაც  შეიძლება, “კეთილდღეობისთვის ყველაფერი იკისროს”:

დედას გეფიცებით, ოქრუაშვილზე საუბარი არ მინდა. მისი ბავშვის ნათლია ვარ. რასაც ვიტყვი, ძალიან მძიმე იქნება მისთვის, იმ ბავშვს გულს დავწყვეტ და ღმერთის მეშინია. უბრალოდ, არის ბოლო კაცი, ნაძირალა და გაუმაძღარი ადამიანი, რომელმაც შეიძლება კეთილდღეობისთვის ყველაფერი იკისროს”.

ირაკლი ოქრუაშვილი ირწმუნება, რომ 2010 წელს ბერლინში მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ხალვაში რუსთავი 2-ის მხოლოდ ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო და შეთანხმებაზე მისი ხელმოწერა ექპერტიზის სამი დასკვნითაა დადასტურებული.

პარტია “გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელმა არაერთხელ აღნიშნა, რომ 8 თვეა ქიბარ ხალვაში არ მიდის საექსპერტო ბიუროში და თავს არიდებს ხელმოწერის ნიმუშის ჩაბარებას.

ქიბარ ხალვაში და მისი ადვოკატი, პაატა სალია აცხადებენ, რომ დოუმენტზე, რომელზეც ირაკლი ოქრუაშვილი საუბრობს, ხალვაშის ხელმოწერა გაყალბებულია. ხალვაშის განცხადებით, ამას სამხარაულის საექსპერტო ბიუროც მალე დაადასტურებს.

ხალვაშის კომენტარები სამხარაულის საექსპერტო ბიუროდან გამოსვლის შემდეგ – პალიტრანიუსის პირდაპირი ეთერი:

“რაში მჭირდება ბორდი ამიხსენით, რამეში მომეხმარება?”, – ასე პასუხობს ქიბარ ხალვაში კითხვას, რატომ არ დათანხმდა ის საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის ინიციატივას, რის თაობაზეც რ2-ის თანამშრომლებმა მიმართეს.

“რა უნდა გამიკეთოს ბორდმა, სარედაქციო დამოუკიდებლობა ხომ მოგეცით”, – უთხრა ხალვაშმა რ2-ის ჟურნალიტს.

ქიბარ ხალვაში და დირექტორი პაატა სალია არ დათანხმდნენ „რუსთავის 2“-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლების შეთავაზებას საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე, რომელიც მათი აზრით,   სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ერთ-ერთი გარანტია იქნებოდა.

„რუსთავის 2“-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა 19 ივლისს არხის ახალ მფლობელსა და დირექტორს სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის გარანტიები მოსთხოვეს და შესთავაზეს:

  • შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება;
  • დაწესდეს მორატორიუმი ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილებაზე ამ საზოგადოებრივი საბჭოს შექმნამდე
    ახალმა მენეჯმენტმა ოფიციალურად აიღოს ვალდებულება, რომ არ შეცვალოს მაღალრეიტინგული გადაცემების
  • წამყვანები, რომლებიც „საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნიან“.

ადამიანის უფლებათა ევროპულის სასამართლოს 2019 წლის 18 ივლის გადაწყვეტილებით, რუსთავი 2-ის საქმეზე ქართულ სასამართლოებში არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა კონვენციის რომელიმე მუხლი. შესაბამისად, ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და რუსთავი 2-ის მფლობელად დარეგისტრირდა ქიბარ ხალვაში, რომელმაც იმავე დღესვე გადააყენა ტელეარხის დირექტორი ნიკა გვარამია და ის თავისი ადვოკატით, პაატა სალიათი ჩაანაცვლა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.