ახალი ამბები

ხაზარაძე ბრალის წარდგენაზე: ეს კეთდება ანაკლიის პროექტისთვის ზიანის მისაყენებლად

24 ივლისი, 2019 • 1448
ხაზარაძე ბრალის წარდგენაზე: ეს კეთდება ანაკლიის პროექტისთვის ზიანის მისაყენებლად

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დამფუძნებელი და “თიბისი ბანკის” აქციონერი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ მისთვის ბრალის წარდგენა ანაკლიის პორტის ზიანის მისაყენებლად გადადგმული ნაბიჯია. ამის შესახებ ხაზარაძემ დღეს, 24 ივლისს, მთავარ პროკურატურაში შესვლამდე ისაუბრა.

“ჩვენ ამ ექვსთვიანმა შემოტევამ მოგვაყენა ზიანი- როგორც ბანკის საერთაშორისო აქციონერებს, ისე ანაკლიის პროექტის მოლაპარაკებას. 6 თვე დასჭირდა ამ პროცესის დასტაბილურებას, ინვესტორების შემოტრიალებას, ასევე, ჩვენს ხელახალ არჩევას ლონდონში კრებაზე. სწორედ გუშინ ავირჩიეთ ანაკლიის პორტის სამშენებლო კომპანია. საეჭვოდ დაემთხვა ერთ-ერთი მინისტრის განცხადება, რომ პროგრესი არ არის. დღეს ვიღებთ ამ განცხადებას ისევ ტელევიზიით, ისევ მსოფლიოს გასაგონად, ისევ იმისათვის, რომ ზიანი მიაყენონონ არა ხაზარაძეს, არამედ საქართველოს ფინანსურ ინტერესებს, აქციონერებს და ანაკლიის პროექტს”, – უთხრა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს.

როგორც ხაზარაძე ამბობს, ის გაჩერებას არ აპირებს.

“თუ ვინმეს ჰგონია, რომ ანაკლიის პროექტი არის მამუკა ხაზარაძის პროექტი, ძალიან ცდება. ეს არის ჩვენი შვილების, შვილიშვილების პროექტი, საქართველოს აბსოლუტურად ახალი გზა. ეს არის გარღვევა როგორც ეკონომიკურად, ისე საგარეო ორიენტაციის კუთხით. ეს არის ევროპისკენ გადადგმული საკმაოდ სერიოზული ნაბიჯი. აი, ამის წინააღმდეგ მიდის ეს ყველაფერი. მე აქ მოვედი და მოვალ, რამდენჯარაც დამიბარებენ. არავის არ ეგონოს, რომ მე გამაჩერებენ, რადგან ვარ მართალი როგორც 12 წლის წინანდელ საქმეში, ისე გუშინწინდელ საქმეში, და მინდა ყველას ვუთხრა აქედან, დაწყნარდით, ნუ ნერვიულობთ, ჩვენ გავაგრძელებთ მოძრაობას იმიტომ, რომ ეს საქართველო არის ჩვენი და ეს ქვეყანა უნდა გახდეს ძლიერი, ევროპული ორიენტაციის”, – აღნიშნა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ქართული პოლიტიკა ორიენტირებულია ჩაძირვასა და ჭორაობაზე, რის გამოც არ უკვირს მიმდინარე პროცესები. მან “სამარცხვინო” უწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარ პროკურატურას.


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს, 24 ივლისს თქვა, რომ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). ხაზარაძე დასაკითხათ დღესვე, 17 საათზე დაიბარეს.

აღნიშნული საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. პარლამენტში გამართული მოსმენისას მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ კატეგორიულად უარყვეს მათი მხრიდან რაიმე სახის უკანონო ქმედების ჩადენა. გამოძიება უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი