ახალი ამბები

ანაკლიის პორტის გენერალური მშენებელი კომპანია ფრანგული Eiffage იქნება – კონსორციუმი

24 ივლისი, 2019 • 1003
ანაკლიის პორტის გენერალური მშენებელი კომპანია ფრანგული Eiffage იქნება – კონსორციუმი

ანაკლიის პორტის გენერალური მშენებელი უმსხვილესი კომპანია ფრანგული Eiffage გახდა. ამის შესახებ ცნობას ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს.

განცხადების თანახმად, Eiffage, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო კომპანიაა ევროპაში. პორტის პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებს პარტნიორ კომპანიებთან, ჰოლანდიურ ABB-თან და ქართულ CRP-თან ერთად შეასრულებს.

“გენერალური კონტრაქტორის შესარჩევ საერთაშორისო ტენდერში მსოფლიოს წამყვანი სამშენებლო-საინჟინრო კომპანიები მონაწილეობდნენ. კონკურსი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა და არჩევანი კონსორციუმმა ფრანგულ Eiffage – ზე შეაჩერა, რომელიც ევროპაში სამშენებლო კომპანიათა ხუთეულში შედის და მსოფლიოს მასშტაბით 100 000 ზე მეტი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული”, – აცხადებს კონსორციუმი.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ცნობითვე, პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში 1500 ადამიანი დასაქმდება, საიდანაც 90% ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.

გენერალური მშენებელი კომპანიის შერჩევის შესახებ ცნობა მამუკა ხაზარაძემ “ფეისბუქზე” გააზიარა და დაწერა: “მაინც ავაშენებთ!!!” ეს იყო მისი პირველი გამოხმაურება პროკურატურის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს დღეს, 24 ივლისს, ბრალი წაუყენა.

“გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ მათ მიერ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)”, – აცხადებს პროკურატურა.

ხაზარაძე-ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინეს, პროკურატურა აღკვეთისთვის სასამართლოს მიმართავს

მასალების გადაბეჭდვის წესი