ახალი ამბები

ხალვაში: ყველამ მომილოცა, სამწუხაროდ, ივანიშვილმა – არა

24 ივლისი, 2019 • 1093
ხალვაში: ყველამ მომილოცა, სამწუხაროდ, ივანიშვილმა – არა

რუსთავი 2-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის ბიძინა ივანიშვილის არ მიულოცავს.

“ყველამ მომილოცა, სამწუხაროდ, იმან [ივანიშვილმა]- არა,”, – ამბობს ხალვაში.

კითხვაზე, რატომ არის  ეს მისთვის სამწუხარო ფაქტი, ხალვაში პასუხობს, რომ ყველამ, ვისაც მისი გამარჯვება გაუხარდა, მიულოცა და ჟურნალისტის მილოცვაც გაუხარდებოდა.

ხალვაშის თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ ივანიშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მეტიც, ექსპრემიერს 2012 წლის შემდეგ [ბელგიაში] არ შეხვედრია.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 18 ივლისის გადაწყვეტილებით, ძალაში დატოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებაზე. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ აღიარა საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში დამდგარი განაჩენი. იმავე დღეს, სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა.

მალევე ცვლილება “რუსთავის 2”-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი, პაატა სალია დაინიშნა. მოგვიანებით, სალია “რუსთავი 2”-ის ოფისში მივიდა და ნიკა გვარამიას და ტელეკომპანიის ჟურნალისტებს შეხვდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი