იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებებს თითქმის ყოველდღიურად, მათ შორის, არასამუშაო საათებში ატარებს, საბჭოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურებას გეგმავს.
როგორც იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრმა და სხდომის თავმჯდომარემ დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა, შესაბამისი შუამდგომლობით საბჭოს მდივანს მიმართავს.
“მართალია, არასამუშაო დროს გვიწევს მუშაობა როგორც საბჭოს წევრებს, ასევე, აპარატს. ამის კომპენსირების მექანიზმიც არსებობს კანონმდებლობაში. მე, როგორც სხდომის თავმჯდომარე და ამ პროცესის წარმმართველი, შუამდგომლობას წარვუდგენ საბჭოსაც და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანსაც, რომ მდივანმა ზეგანაკვეთური მუშაობისთვის დანამატი განუსაზღვროს აპარატის თანამშრომლებს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, რომელთაც ასეთ პირობებში მუშაობა უწევთ. ასე რომ, აღნიშნული შრომა ნამდვილად კომპენსირებული იქნება”, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის შეფასებით, კონსტიტუციური ორგანო ღამღამობით მუშაობის არასწორ სტანდარტს აწესებს და შრომით უფლებებს არღვევს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები გასაუბრებების გაჭიანურებაში ნაზი ჯანეზაშვილს და ანა დოლიძეს ადანაშაულებენ, რომლებიც, მათი თქმით, საათობით სვამენ არაადეკვატურ შეკითხვებს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თითქმის ყოველდღიურად, დღეში სამ კანდიდატთან იმართება. კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დილიდან გვიან ღამემდე მიმდინარეობს. ამის გამო ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ გასაუბრების პროცესი რამდენჯერმე პროტესტის ნიშნად დატოვეს.
დღეს, 24 ივლისს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დაწყებამდე უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჩუსტები მიიტანა, რათა საბჭოს წევრებმა თავი იგრძნონ „კომფორტულად, როგორც სახლში“.
ჯანეზაშვილმა და დოლიძემ იუსტიციის საბჭოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს