თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დედა-შვილის, ნ.კ-ს და გ.კ-ს განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.ყ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, მეორე „ე“, და მესამე ნაწილის „ა“, „ე“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
მკვლელობა 2014 წლის დეკემბერში მოხდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, 2014 წლის 17 დეკემბერს დამნაშავეებმა კოჯორში, ერთ-ერთ აგარაკზე, მოტყუებით მიიყვანეს გურამ კვეზერელი და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
დანაშაულის დაფარვის მიზნით ბრალდებულებმა გარდაცვლილის ცხედარი მოათავსეს კასრში, დაასხეს სპეციალური მჟავა და აგარაკის ეზოში ჩამარხეს.
შსს-ს ცნობით, იმავე დღეს ბრალდებული თანამზრახველთან ერთად მივიდა თბილისის ზღვის დასახლებაში, გურამ კვეზერელის დედის, ნატო კვეზერელის სახლში და მას ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდებულებმა სახლიდან გაიტაცეს 12 000 აშშ დოლარი, გურამ კვეზერელის სახელზე გაფორმებული 2 ცეცხლსასროლი იარაღი, პორტატული კომპიუტერი, პირადი ნივთები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებული გ.ყ. საბერძნეთის ტერიტორიაზე 2016 წლის 2 ივნისს დააკავეს, მის ექსტრადირება საქართველოში 2018 წლის 30 ნოემბერს მოხდა.
პროკურატურის მტკიცებით, მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილი იქნა ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური კვალი, მათ შორის ბრალდებულის დნმ.
ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ გ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილი ბრალდების ყველა ნაწილში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.