ახალი ამბები

შსს-ს ცნობით, კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებულის ექსტრადირების პროცედურა მიმდინარეობს

25 აპრილი, 2016 • 1210
შსს-ს ცნობით, კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებულის ექსტრადირების პროცედურა მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2014 წლის დეკემბერში დედა-შვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებული ერთ-ერთი პირის ექსტრადირების პროცესი მიმდინარეობს.

პოლიციის ცნობით, 2014 წლის 17 დეკემბერს, თბილისის ზღვის დასახლებაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვეს ნატო კვეზერელის ცხედარი, ხოლო მისი შვილი, გურამ კვეზერელი გაუჩინარდა.

სამართალდამცველების ინფორმაციით,  2014 წლის 17 დეკემბერს დამნაშავეებმა კოჯორში, ერთ-ერთ აგარაკზე, მოტყუებით მიიყვანეს გურამ კვეზერელი და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

დანაშაულის დაფარვის მიზნით დამნაშავეებმა გარდაცვლილის ცხედარი მოათავსეს კასრში, დაასხეს სპეციალური მჟავა და აგარაკის ეზოში ჩამარხეს, აცხადებს პოლიცია.

შსს-ს ცნობით, იმავე დღეს აღნიშნული პირები მივიდნენ თბილისის ზღვის დასახლებაში, გურამ კვეზერელის დედის, ნატო კვეზერელის სახლში და მას ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებულებმა სახლიდან 12 000 აშშ დოლარი, გურამ კვეზერელის სახელზე გაფორმებული 2 ცეცხლსასროლი იარაღი, პორტატული კომპიუტერი, პირადი ნივთები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, აცხადებს გამოძიება.

ოფიციალური ინფორმაციით, სამართალდამცველებმა იპოვეს გურამ კვეზერელის ცხედარი, ამოიღეს გარდაცვლილის სახლიდან გატაცებული პორტატული კომპიუტერი და მისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი.

პოლიციის ცნობით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები დამნაშავეების, დანაშაულის ადგილებისა და ცხედრებიდან აღებული დნმ-ის ნიმუშების იდენტიფიცირებისთვის.

საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შსს-ს თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს. გამოძიება მათ მიმართ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

რაც შეეხება დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულებს, მათ მიმართ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

პოლიციის ცნობით, ერთ-ერთი ბრალდებული დაკავებულია, ხოლო მეორის ადგილსამყოფელი დაადგინეს, იგი საზღვარგარეთ იმყოფება და მისი ექსტრადირებისთვის შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი