ახალი ამბები

მე მგონია, უნდა გავხდე მოსამართლე, ომბუდსმენი რას ფიქრობს ან მათემატიკოსი, არ მაინტერესებს – თადუმაძე

23 ივლისი, 2019 • 1495
მე მგონია, უნდა გავხდე მოსამართლე, ომბუდსმენი რას ფიქრობს ან მათემატიკოსი, არ მაინტერესებს – თადუმაძე

“50-ეულშიც, 20-ულშიც და უზენაეს სასამართლოშიც სამართლიანად მოვხვდები”, – აცხადებს საქართველოს მთავარი პროკურორი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შალვა თადუმაძე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევაში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებული შეფასებისთვის სახალხო დამცველს აკრიტიკებს.

იუსტიციის საბჭოს არამომსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა სახალხო დამცველის შეფასების საფუძველზე თადუმაძეს ჰკითხა, რამდენად ლეგიტიმურად შეიძლება მივიჩნიოთ ის მოსამართლე და ტრიბუნალი, რომლის არჩევასთან და დაკომპლექტებასთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები ჩნდება.

“მე ვიცნობ ომბუდსმენის დასკვნას. არ ვისაუბრებდი ამ თემაზე, თქვენი კითხვა რომ არ იყოს და ჯერ კიდევ 2016 წელს რომ არ მქონდეს დაფიქსირებული ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება ომბუდსმენის დასკვნების მიმართ. ომბუდსმენის კონსტიტუციური უფლებამოსილებაა ადამიანის უფლებების დაცვაზე რეაგირება. ამ დასკვნაში ვერ წავიკითხე, რომელი ადამიანის რა უფლება დაირღვა”, – განაცხადა თადუმაძემ.

მისი თქმით, იურისპრუდენციაზე “კარგად იცის მათემატიკა, მათ შორის, ალბათობის თეორია”, და არაფერია გასაკვირი იმაში, რომ კანდიდატების შერჩევისას საბჭოს წევრების აზრი ერთმანეთს დაემთხვა.

“ის, რომ კონკრეტულად ჩემს შემთხვევაში 2 მოსამართლის აზრი დაემთხვეს ერთმანეთს, ალბათობის ერთი-ერთში შანსი არსებობს; 4 რომ დაემთხვეს, ამის ალბათობაც არსებობს. საპროკურორო საბჭოს 11-ივე დამსწრე წევრის გადაწყვეტილება დაემთხვა ერთმანეთს ჩემთან მიმართებაში და პარლამენტში 101 წევრის პოზიცია დაემთხვა ჩემს პროკურორად არჩევის შემთხვევაში და საერთოდ არ მიკვირს. ალბათობის ხარისხი ასე არ მუშაობს, მერწმუნეთ. ჯერ ერთი, არ მგონია, რომ ომბუდსმენი არის ის პირი, რომელისც ამ სახის დასკვნების სანდოობის მაღალი ხარისხით სარგებლობს. ეს გამოცდილებები ომბუდსმენს არ უნდა ჰქონდეს იმიტომ, რომ კოლეგიური ორგანოს მმართველობაში არ მონაწილეობს”, – განაცხადა თადუმაძემ.

მისი თქმით, მოსამართლეთა არჩევის წესში “კანონმა იმაზე მეტი გამჭვირვალობა გააკეთა, ვიდრე უნდა გაეკეთებინა”.

“მეც ვეცნობი ხოლმე აშშ-ის მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრებებს და კაზუისტიკაზე კონგრესში პასუხებს არ სცემენ მოსამართლეები იმიტომ, რომ როდესაც ისინი შევიდნენ იურისტის პროფესიაში, იქ დაამთავრეს კაზუისტიკაზე ანგარიშვალდებულებები. მოქმედი გენპროკურორი ვზივარ და მეკითხებით, ვარ თუ არა პროფესიაში რამის აზრზე, მეტი გამჭვირვალობა რა უნდა ჰქონდეს ამ პროცესს?”, – მიმართა თადუმაძემ საბჭოს წევრებს.

თადუმაძის თქმით, დამთხვევების ალბათობა არ არის ის საკითხი, რომელიც კანდიდატის პროფესიონალიზმში ეჭვის შეტანის და პროცესის დისკრედიტაციის საფუძველს იძლევა.

“საერთოდ არ მიმაჩნია ომბუდსმენი იმ უფლებამოსილ პირად, რომელმაც შეიძლება შეაფასოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ლეგიტიმაცია. უზენაესი სასამართლო არის ხელისუფლება – უფრო გარანტირებული, უფრო დიდი თავი ეთმობა კონსტიტუციაში და მისი როლი უფრო მაღალია, ვიდრე ომბუდსმენის. ამიტომ პროცესზე თქვა, რომ ეს არ არის სანდო… მე საერთოდ მგონია, რომ უნდა გავხდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იმიტომ, რომ ჩემი კვალიფიკაცია, გამოცდილება, გავლილი გზა, პრინციპულობა და დამოუკიდებლობა ამის შესაძლებლბას მაძლევს. ომბუდსმენი რას ფიქრობს ან მათემატიკოსი, რომელმაც ალბათობის თეორია ჩემზე კარგად იცის, არ მაინტერესებს”, – განაცხადა თადუმაძემ.


სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის მიზნით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულმა პირველმა ფარულმა კენჭისყრამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საკანონმდებლო ჩარჩოს სისუსტეს და გამოავლინა, თუ რა გამოწვევებია პრაქტიკაში.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ 20 ივნისის ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 13 წევრი, რომელთაგან თითოეულს ჰქონდა 1 ბიულეტენი და 20 ხმა (გამოცხადებული ვაკანსიის ოდენობის შესაბამისად). სახალხო დამცველის შეფასებით, ბიულეტენებისა და მიცემული ხმების დათვლის პროცესზე დაკვირვებამ გამოავლინა 13-დან 10 ბიულეტენი, რომელიც შემოხაზული იყო ერთნაირი სქემითა და დამთხვევების ძალიან მაღალი ხარისხით.

ამავე თემაზე:

ომბუდსმენის შეფასებით, მოსამართლეების შერჩევის პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობს

მასალების გადაბეჭდვის წესი