ახალი ამბები

C ჰეპატიტის, აივისა და ტუბერკულოზის სკრინინგი დამატებით 6 რეგიონში დაიწყო

23 ივლისი, 2019 • 984
C ჰეპატიტის, აივისა და ტუბერკულოზის სკრინინგი დამატებით 6 რეგიონში დაიწყო

C ჰეპატიტის, აივ ინფექციისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის პროექტის განხორციელება საქართველოს 7 რეგიონში მიმდინარეობს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სკრინინგის პროექტში ჩართულები იქნებიან ადგილობრივი ოჯახის ექიმები და ექთნები, რომლებიც სამეგრელო-ზემო სვანეთის შემდეგ, აჭარაში, კახეთში, იმერეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სხვანეთსა და მცხეთა-მთიანეთში პირველადი ჯანდაცვის ეტაპზე მოსახლეობას შეამოწმებენ ამ ინფექციებზე:

“წელს, იმ პილოტურ პროგრამას, რომელსაც შარშან ვახორციელებდით სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამი დაავადება ერთი ქუდის ქვეშ, პირველადი ჯანდაცვის დონეზე სკრინინგს განვავრცობთ თითქმის მთლიანად საქართველოზე. ეს გულისხმობს, რომ ოჯახის ექიმები და პირველადი ჯანდაცვის, ანუ სოფლის ექიმები დატრენინგდნენ ამ სამ დაავადებაზე.

ცენტრალურმა ხელისუფლებამ მისცა ამ ადამიანებს ტესტ-სისტემები და კარდაკარ შემოვლის პრინციპით ეს ადამიანები ყველა ამ რეგიონში შემოივლიან ყველა ადამიანს, როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთში გავაკეთეთ და თითქმის გავასამმაგეთ სკრინინგ გავლილთა რაოდენობა”, – ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.

მისი თქმით, დარჩენილ სამ რეგიონში ექიმების გადამზადება მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ეს რეგიონებიც ჩაერთვება აღნიშნულ პროექტში.

ვრცლად C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ წაიკითხეთ:

მომავალში $80 ათასი დაგიჯდებათ მკურნალობა, რომელიც ახლა უფასოა და შესაძლოა გჭირდებათ

მასალების გადაბეჭდვის წესი