ახალი ამბები

ვოლსკის აზრით, პირადი კადრების გავრცელება ბესელიას პოლიტიკურ პოზიციებს უმაგრებს

23 ივლისი, 2019 • 910
ვოლსკის აზრით, პირადი კადრების გავრცელება ბესელიას პოლიტიკურ პოზიციებს უმაგრებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე საუბრისას “პოლიტიკურად პოზიციების გამაგრებასა” და “პოლიტიკური წონის გაძლიერებას” ახსენებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც აღნიშნულ საკითხზე ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის რეპლიკას ეხებოდა.

“…რეალურად ეს არის საკმაოდ სერიოზული ემოციური მდგომარეობა, რასაც მე პირადად ყოველთვის ვითვალისწინებდი. სახელმწიფოს აქვს საკმაოდ მკაცრი დამოკიდებულება ასეთი ფაქტების მიმართ. მაგრამ ამ ემოციის გადაჭარბება იგივე თავის თავისთვისაც[ბესელიასთვისაც] არ არის მისაღები, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ პოლიტიკურად გარკვეულ პოზიციებს საკმაოდ უმაგრებს… ის, რაც თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნეს.

ანუ, აქ არის ორი ასპექტი: ერთი არის წმინდა ადამიანური, სადაც სრულიად ვიზიარებ ამ პათოსსა და დამოკიდებულებას. მეორე არის ის, რომ თვითონაც კარგად იცის, ვინ ფლობდა ამ ჩანაწერებს და ვის შეიძლება აწყობდეს ამ ჩანაწერების გავრცელება, როგორც მისი პირადი პოლიტიკური წონის გასაძლიერებლად, ასევე იმ კრიტიკული დამოკიდებულების გამო, რომელიც შეიძლება გამოხატოს თუნდაც თქვენმა მედიასაშუალებამ”, – უთხრა ვოლსკიმ ჟურნალისტებს.

დამატებით კითხვაზე, გულისხმობს თუ არა იმას, რომ ბესელია აღნიშნულ კადრებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, ვოლსკიმ უპასუხა:

“ზის სახლში და ფიქრობს, როგორ გამოიყენოს პოლიტიკური შედეგისთვის, მე ამას ვერ ვიტყვი. მე შედეგებით ვმსჯელობ და შედეგების მიხედვით დავყავი ეს ორ ნაწილად. ემოციურში აბსოლუტურად ვიზიარებ არა მარტო მის მდგომარეობას, არამედ სხვა ადამიანების, ვისაც ასე აბულინეგებენ. თუმცა ბულინგის სხვა ბევრი შემთხვევაც გვინახავს ბოლო პერიოდში. ისიც კარგად ვიცით, სადაა მისამართი ამ პოლიტიკური გუნდის, ვინც იწერდა და ავრცელებდა ამ ჩანაწერებს”.

მანამდე, ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა 22 ივლისს თქვა, რომ ეკა ბესელიას მხრიდან მისი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე საუბარი დამღლელია. აღნიშნულ შეფასებას მალევე გამოეხმაურა ბესელიაც, რომელმაც “ყველაზე სამარცხვინო კომენტარად” შეაფასა ცქიტიშვილის პოზიცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი