ახალი ამბები

“ყველაზე სამარცხვინო კომენტარი” – ეკა ბესელია მაია ცქიტიშვილს ეხმაურება

22 ივლისი, 2019 •
“ყველაზე სამარცხვინო კომენტარი” – ეკა ბესელია მაია ცქიტიშვილს ეხმაურება

ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე გაკეთებულ განცხადებებს შორის ყველაზე სამარცხვინოს ავტორი ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილია.

“ეს კომენტარი რომ წავიკითხე, თვალებს ვერ დავუჯერე… ვერც წავუყრუე და ვერც, გავატარე,
ემოციურად ვწერ ახლა, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა: ასეთი რამ რომც გაიფიქრო, როგორ უნდა თქვა საჯაროდ? თან ქალმა… ეს იმაზე უარესია, რაც გვრიტიშვილმა იკადრა…

რას ნიშნავს ეს სიტყვები, ქალბატონო მაია? რისმა მოსმენამ დაგღალათ? ჟურნალისტი რომ კითხვას სვამს, რა ხდება ამ საქმეზე და მე რომ პასუხის გაცემა მიწევს? და რომ მიწევს, ეს ვისი ბრალია? და რას გაეცა პასუხი? რა გამოიძიეს? არ გაწუხებთ იმ მთავრობაში ყოფნა, რომლის დროსაც ასეთი უკანონო ჩანაწერები ვრცელდება?

რას ელოდებით, რომ ამ კითხვას როცა დამისვამენ, გადავიმალო? ზუსტად ეს მიზანი ჰქონდა, ვინც ეს დაგეგმა! დღემდე ვინარჩუნებ ეთიკურობას და არ ვსაუბრობ ბევრ რამეზე და მართლა ფიქრობს ვინმე თქვენგან, რომ სულ ესაა ყელაფერი?

აი, ეს კომენტარი იყო ყველა კომენტარს შორის მდაბიო და სამარცხვინო… მართლა ვერ შევხვდი მშვიდად, რაც წავიკითხე ეს წუთია…”, – წერს ეკა ბესელია ფეისბუკზე.

“ეკა ბესელიას მხრიდან მის პირად ცხოვრებაზე, პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებზე საუბარი უკვე ძალიან დამღლელია”, – საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

პირველი არხის ცნობით, ცქიტიშვილს ჟურნალისტებმა ეკა ბესელიას განცხადებაზე ჰკითხეს, რომ გუნდში ცნობილი იყო, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები გავრცელდებოდა, რადგან გუნდიდადნ წამოსვლამდე გააფრთხილეს, რომ ვერ დაიცავდნენ. ცქიტიშვილს თქმით, ეკა ბესელიას ჰქონდა საშუალება, ამ საკითხზე მის ხელთ არსებული ინფორმაცია გამოძიებისთვის მიეწოდებინა. მისი შეფასებით, ეკა ბესელიას მხრიდან ამ საკითხის მუდმივად დაყენება არის მცდელობა, რომ ახალი ამბების დღის წესრიგში იყოს.

„დამღლელია ძალიან უკვე ეკა ბესელიას მხრიდან მის პირად ცხოვრებაზე, პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებზე საუბარი და მუდმივად ამის დღის წესრიგში დაყენება. პირველი, რასაც აუცილებლად ვიტყვი, არის ის, რომ შესაბამისი პასუხი ამ ყველაფერს გაეცა, ჰქონდა გამოძიებას საშუალება, მასაც ჰქონდა საშუალება, გამოძიებისთვის მიეწოდებინა მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, ყველაფერი დანარჩენი არის მორიგი მცდელობა მისი მხრიდან, რომ იყოს ახალი ამბების დღის წესრიგში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა მაუწყებლის ინფორმაციით.

მასალების გადაბეჭდვის წესი