ახალი ამბები

თადუმაძე განმარტავს, რატომ აირჩია რეკომენდატორებად მხოლოდ “ოცნების” წარმომადგენლები

23 ივლისი, 2019 • 1474
თადუმაძე განმარტავს, რატომ აირჩია რეკომენდატორებად მხოლოდ “ოცნების” წარმომადგენლები

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს, 23 ივლისს, იმართება გასაუბრება საქართველოს მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძესთან. მას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს. შალვა თადუმაძეს რეკომენდატორად მითითებული ჰყავს “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, დეპუტატები -ირაკლი სესიაშვილი და კობა კობალაძე, ასევე, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

გასაუბრებაზე თადუმაძეს ჰკითხეს, რატომ აირჩია მაინცდამაინც ეს ადმაიანები რეკომენდატორებად. თადუმაძის თქმით, ირაკლი სესიაშვილთან მრავალწლიანი პროფესიული ურთიერთობა აკავშირებს, მათ შორის, არასამთავრობო სექტორში და ძალიან კარგად იცის მისი შესაძლებლობები. თადუმაძემ დაახლოებით მსგავსი რამ თქვა ცქტიშვილზეც და კობალაძეზეც.

“მაია ცქიტიშვილმა იცის ჩემი თვისებები და ჩემი კვალიფიკაცია.კობა კობალაძე არის ჩემი მეგობარი და პარლამენტის წევრი და ასევე, ერთადერთი ბრალდებული, რომელიც შევძელი, რომ სასამართლო დარბაზიდან გამომეყვანა მაშინ, როდესაც გამამართლებელი განაჩენები არც ისე მაღალი იყო. ამიტომ, ეს არის ის ხალხი, რომლებმაც ზუსტად იციან ჩემი შესაძლებლობები და აქ არანაირი პოლიტიკური სიმპათიები არ არსებობს. ლოგიკა არის იმის, თუ რატომ ავირჩიე ეს ხალხი რეკომენდატორებად და დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ ვინმეს შეეძლო ჩემს პიროვნულ და პროფესიულ თვისებებზე ღიად და დამაჯერებლად საუბარი, იყო ეს ხალხი”, – თქვა შალვა თადუმაძემ.

საქართველოს მთავარი პროკურორი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე იყო “ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი და მის ინტერესებს წლების განმავლობაში იცავდა სასამართლოებში. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი მნიშვნელოვან პოზიციებზე მუშაობდა, მათ შორის, იყო მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მთავრობის საპარლამენტო მდივანი. შალვა თადუმაძე 2018 წლის ივლისში პარლამენტმა აირჩია მთავარ პროკურორად 6 წლის ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი