ახალი ამბები

დავით უსუფაშვილი ირანში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა

27 იანვარი, 2015 • • 1188
დავით უსუფაშვილი ირანში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა

დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ადგილობრივ ქართველ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ დელეგაცია დიდი საქართველოდან პატარა საქართველოში დიდ ქართველებთან შესახვედრად ჩამოვიდა.

„თქვენ აქ  ყველა ქართველისთვის სანუკვარი სიტყვებით დაგვხვდით, „მარად და ყველგან საქართველო მე ვარ შენთანა“. ეს სიტყვებია ამოქარგული დღეს ამ დარბაზში. ჩვენი სათქმელია – მარად და ყველგან ქართველებო ჩვენ ვართ თქვენთანა. და მე ამას მოგახსენებთ ახლა უკვე ქართული სახელმწიფოს სახელით. დღეს ქართულ სახელმწიფოს შეუძლია იყოს მარად და ყველგან ყველა ქართველთან და ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა მადლობა გადაუხადა ირანის ხელისუფლებას იმისთვის, რომ ადგილობრივ ქართველებს საშუალება მისცა შეენარჩუნებინათ ქართული ენა და კულტურა, ძალიან ბევრ სხვა ადგილზე ბევრმა ქართველმა ვერ შეძლო თავისი იდენტობის და ფესვების შენარჩუნება.

შეხვედრის დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარემ ადგილობრივი ქართველების საქართველოში ტურისტებად ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა, რათა ფერეიდნელ ქართველებს საშუალება მიეცეთ ადგილზე მოინახულონ ის ადგილები და სოფლები, რომელთა დასახელებებიც  ირანში დღემდეა შენარჩუნებული.

„ჩვენ ახლგაზრდა თაობებს უნდა მივცეთ ურთიერთობის მეტი შესაძლებლობა და ამაზე ვმუშაობთ ჩვენ საქართველოში, მთავრობაც, პარლამენტიც, და ძალიან ბევრ სასიკეთო წამოწყებებს მალე ვიხილავთ. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ისტორიულ სამშობლოდან შორს თქვენ ნამდვილ ქართულ ხასიათს ინარჩუნებთ. ეს ნამდვილი ქართული ხასიათი იმაში გამოიხატება, რომ თქვენ ერთგულად ემსახურებით იმ სახელმწიფოს, რომელშიც ცხოვრობთ. მთელი გულით და სიყვარულით გწამთ ის რელიგია, რაც გწამთ და აძლევთ ძალიან მნიშვნელოვან მაგალითს ადამიანებს, როგორ უნდა ვიყოთ განსხვავებული, მაგრამ ვიცხოვროთ ერთად ძმურად და მეგობრულად“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ისპაჰანის პროვინციაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საპარლამენტო დელეგაციაც იმყოფებოდა, რომლის შემადგენლობაში თედო ჯაფარიძე, გუბაზ სანიკიძე, დავით ბაქრაძე და შალვა კიკნაველიძე შედიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი