ახალი ამბები

ხალვაშს, დვალს და აქიმიძეს სტარსბურგის გადაწყვეტილებიდან სამი დღის შემდეგაც არ უსაუბრიათ

21 ივლისი, 2019 • 1318
ხალვაშს, დვალს და აქიმიძეს სტარსბურგის გადაწყვეტილებიდან სამი დღის შემდეგაც არ უსაუბრიათ

რუსთავი 2-ზე სტარსბურგის გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან სამი დღე გავიდა, თუმცა არხის ამჟამინდელ სამართლებრივ მფლობელ ქიბარ ხალვაშს ამ დრომდე არ უსაუბრია  მის დამფუძნებლებთან დავით დვალთან და ჯარჯი აქმიძესთან. 

2015 წელს ქიბარ ხალვაში აცხადებდა, რომ სასამართლოს მოგების შემდეგ არხის დირექტორად დავით დვალს დანიშნავდა, დვალს და აქიმიძეს კი ტელეკომპანიის 50 %-ს გადასცემდა. 

18 ივლისს, სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოცხადების დღესვე ხალვაშმა არხის დირექტორად თავის ადვოკატი პაატა სალია დანიშნა და განაცხადა:

“ეს დიდი გამარჯვებაა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ერთი კაცის გამარჯვება. მე, ქიბარ ხალვაშმა, დღეს საბოლოოდ გავიმარჯვე იმ ათობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის სახელით, ვისაც მოძალადე რეჟიმმა სხვადასხვა დროს წაართვა სიცოცხლე, ჯანმრთელობა და შრომით მოპოვებული ქონება, შეულახა ღირსება!

ამ კონტექსტში არ შემიძლია, პირველ რიგში, არ ვახსენო დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, რადგან მე დღეს მათი სახელითაც გავიმარჯვე.  ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ტელევიზიის დაბრუნებისათვის ჩვენ ერთად უნდა გვებრძოლა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა საკუთარი უფლებების აღდგენისთვის ბრძოლაში საწყის ეტაპზე ვერ შედგა, დღეს, როდესაც გავიმარჯვე, კვლავ მზად ვარ, მაქსიმალურად გავითვალისწინო მათი ინტერესი”. 

თავის მხრივ დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ მიულოცეს ხალვაშს გამარჯვება, თუმცა ასევე დასძინეს, რომ რუსთავი 2-ის დამფუძნებლებზე დაბრუნებამდე სამართლიანობა აღდგენილი არ იქნება. 

21 ივლისს “ნეტგაზეთს” სალიამ უთხრა, მათ უახლოეს დღეებში ექნებათ საუბარი:

“ექნებათ უახლოეს დღეებში საუბარი, დარწმუნებული ვარ. სამი დღე გავიდა, ძალიან ბევრი რამე მოხდა ამ სამ დღეში, ესეც აუცილებლად მოხდება, არ არის პირველი და მეორე რიგის გადასაწყვეტი.  მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები გამონახავენ საერთო ენას და ერთად გვამცნობენ. მე ამის იმედი მაქვს და ვფიქრობ ასე მოხდება”, – განუცხადა სალიამ ნეტგაზეთს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი