ახალი ამბები

ვისი იყო ფული? – ოქრუაშვილის რუსთავი 2-ის ყიდვაზე

20 ივლისი, 2019 • 3048
ვისი იყო ფული? – ოქრუაშვილის რუსთავი 2-ის ყიდვაზე

დღეს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „კურიერში“, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, ისევ გაიმეორა, რომ „რუსთავი 2“ ეკუთვნის მას და არა ქიბარ ხალვაშს – ამჟამინდელ ოფიციალურ მფლობელს.

„შაბათის კურიერის“ წამყვანის, ნოდარ მელაძის კითხვაზე, „ვისი იყო ფული?“ – ირაკლი ოქრუაშვილმა თქვა:

„ყოველთვის მქონდა გარკვეული ბერკეტები იმისთვის, რომ გარკვეული საქმისთვის და ეს არ იყო მარტო „რუსთავი 2“, ეს იყო მთელი პოლიტიკური პროცესი – მას შემდეგ, რაც ხელისუფლებიდან წავედი და ხელისუფლებას დავუპირისპირდი, მქონდა გარკვეული ბერკეტი, გარკვეული ფინანსების მოზიდვის“.

ჟურნალისტის კითხვაზე, ეს ხომ იმ დროს ხდებოდა, როცა ის მქომედი ხელისუფლების მინისტრი იყო? ირაკლი ოქრუაშვილმა თქვა:

„ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც-მეთქი, ამას ვამბობ. სააკაშვილის დროს რუსთაველზე მიმდინარე მთელი მიტინგების პროცესი უმეტესწილად დაფინანსებული იყო ჩემს მიერ. ამას ვაკეთებდი არა საკუთარი ფულით, არამედ იმ ადამიანების დაჯერებით და დარწმუნებით, რომლებთანაც ნდობა მქონდა და რომლებსაც ამ პროცესების მიმართ ჰქონდათ გარკვეული დაინტერესება. იგივე მეთოდით მოვიზიდე ეს ფული და არა მარტო ეს ფული. ბევრი სხვა გარიგებების დაფინანსების ფული. არასდროს ფული ჩემთვის არ ყოფილა მნიშვნელოვანი“.

ნოდარ მელაძის კითხვაზე, ეს ხომ არ იქნება ერთგვარი აღიარება, რომ მაშინდელი ხელისუფლება „ვიღაცაზე ზეწოლას ახდენდა“ და ფულს სძალავდა, ოქრუაშვილმა თქვა: „ერთი ადამიანი მაინც უნდა გამოჩნდეს, რომელიც იტყვის, რომ მე ფული მოვთხოვე, არა ამ საქმისთვის, არამედ მე ფული მოვთხოვე“.

ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ს როდესაც დაიბრუნებს, არხის წილების 80%-ს 10 ჟურნალისტს გადასცემს. მან ასევე ისაუბრა არხის დამფუძნებლებზე – დვალსა და აქიმიძეზე და აღნიშნა, რომ მათ 1.2 მილიონი დოლარი აქვთ „რუსთავი 2“-ის გაყიდვის გზით მიღებული და ახლა ტყუილად „წუწუნებენ“.

მთავარი ფოტო: სქრინი რუსთავი 2-ის შაბათის კურიერიდან

 

როგორ ვიყიდეთ რუსთავი 2 – ირაკლი ოქრუაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი