ახალი ამბები

რ2 ჩემია, 80%-ს გადავცემ 10 მებრძოლ ჟურნალისტს და ისინი იდავებენ ხალვაშთან — ოქრუაშვილი

19 ივლისი, 2019 • 1604
რ2 ჩემია, 80%-ს გადავცემ 10 მებრძოლ ჟურნალისტს და ისინი იდავებენ ხალვაშთან — ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ქიბარ ხალვაშს სასამართლოში უჩივის „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მისაღებად, აცხადებს, რომ ტელეკომპანიის 80%-იანი წილზე უფლებებს არხის 10 ჟურნალისტს დაუთმობს, თუკი ისინი თანახმანი იქნებიან, და ისინი იდავებენ სასამართლოში ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ „რუსთავი 2“-ის მფლობელი გახდა ქიბარ ხალვაში, რომელიც არხის მფლობელი 2004-2006 წლებშიც იყო. თუმცა ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ აქვს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ „რუსთავი 2“-ზე საკუთრების უფლება იმ დროს სინამდვილეში მას, ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნოდა და არა ხალვაშს, რომელიც ნომინალური პირი იყო. ხალვაში ამ დოკუმენტს ყალბს უწოდებს.

19 ივლისს ირაკლი ოქრუაშვილმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა: „კარგად მესმის, რამხელა მნიშვნელობა აქვს „რუსთავი2“-ის იმ ფორმატით არსებობას, როგორითაც არსებობდა დღემდე; მის შენარჩუნებას, რომ ქვეყანაში იყოს თავისუფალი გარემო და ქვეყანაში ისმოდეს თავისუფალი სიტყვა… მე ვაპირებ ძალიან მარტივი რამის გაკეთებას: ვაპირებ, რომ ჩემი მოთხოვნის, რაზეც ვდავობ, 80% გადავცე ათამდე დამოუკიდებელ მებრძოლ ჟურნალისტს სრულიად უსასყიდლოდ და მათ გააგრძელონ დავა ხალვაშთან“.

ოქრუაშვილმა ასევე თქვა, რომ 19 ივლისს, ღამით ჩამოდის საქართველოში და 20 ივლისს აპირებს ამ ჟურნალისტებთან შეხვედრას: „დაახლოებით უკვე მაქვს მონახაზი, ვის შეიძლება ვესაუბრო ამ თემაზე, შევთავაზებ ჩემს პირობებს. მათი მხრიდან მზაობის შემთხვევაში მათ გადავუფორმებ ამ ყველაფერს, დაახლოებით 80%-ს“, — თქვა მან.

ირაკლი ოქრუაშვილმა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ტელეკომპანიის ქონებისა და წილების დაყადაღებას ითხოვს.

როგორ ვიყიდეთ რუსთავი 2 – ირაკლი ოქრუაშვილი

ოქრუაშვილი რ2-ის წილებთან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშს სასამართლოში უჩივის

მასალების გადაბეჭდვის წესი