ახალი ამბები

ოქრუაშვილი რ2-ის წილებთან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშს სასამართლოში უჩივის

18 ივლისი, 2019 • 3204
ოქრუაშვილი რ2-ის წილებთან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშს სასამართლოში უჩივის

ირაკლი ოქრუაშვილი “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

განცხადებას აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ, 11:00 საათზე ოქრუაშვილის ახლად დაფუძნებული პოლიტიკური მოძრაობის წევრი ანა რეხვიაშვილი გააკეთებს.

ირაკლი ოქრუაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამბობს, რომ “რუსთავი 2”-ზე მოთხოვნას არ დათმობს.

“სამი წელია ჩემი და შენი “შნირის” (ადრე ჩემი იყო, სამწუხაროდ) ხალვაშის დავა “რუსთავი 2”-ზე სასამართლოში თაროზე გაქვს შემოდებული. ჯერ შოთაძე მეხვეწა შენი სახელით, დაგვითმე “რუსთავი 2”-ის მოთხოვნაო, მერე ექსპერტიზაში წელე საქმე, ეხლა მოსამართლე გამომიცვალე სამი დღის წინ და მაგით მოიგე დრო. და რა მოიგე ჯამში? ვერაფერი, იმიტომ, რომ მაგას არ დაგითმობ. რიგით ჟურნალისტებს ვაჩუქებ და შენ არ მოგყიდი. ერთი რამის გამო – ბოროტება გახდი იმ ქვეყნისთვის, სადაც ჩემმა შვილებმა მინდა, რომ იცხოვრონ”, – აცხადებს ოქრუაშვილი.

ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წელს მიმართა. ოქრუაშვილი ხალვაშისგან 13 მილიონ აშშ დოლარის ანაზღაურებას ითხოვს.

ოქრუაშვილმა მაშინ ასევე გაასაჯაროვა  დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ხალვაშმა 2005-2010 წლებში ოქრუაშვილისა და მასთან აფილირებული პრებისგან 7.7 მილიონი დოლარი ისესხა წლიური 10%-ით.  [პროცენტის წყალობით გაიზარდა თანხა 7-დან 13 მილიონამდე]. აღნიშნული დოკუმენტის სხვა პუნქტის მიხედვით, “რუსთავი 2”-ზე საკუთრების უფლება ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნის:

“ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შესაძენად დადებულ ყველა გარიგებაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით. შესაბამისად, ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე, მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთა შემძენ კომპანიებზე, რუსთავი 2-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე, მოთხოვნაზე, სარგებელზე, მისაღებზე საკუთრების და მოთხოვნის უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს. ქიბარ ხალვაში არ იმოქმედებს “რუსთავი 2”-თან დაკავშირებულ არცერთ საკითხში ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე”,- წერია ოქრუაშვილის მიერ მაშინ გავრცელებულ დოკუმენტში, რომელსაც ქიბარ ხალვაში ყალბს უწოდებს.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ოქრუაშვილს “ფარატინა ქაღალდი აქვს მოტანილი გაყალბებული ხელმოწერით”.

“მე მოვითხოვე ექსპერტიზის ჩატარება ამ დოკუმენტზე, მოვთხოვე დედანის წარმოდგენა. საქმე პროცედურულად შეჩერებულია, ვინაიდან ექსპერიზაზეა გადაგზავნილი და ქიბარ ხალვაშიც უნდა მივიდეს ექსპერტიზაზე. თუ ქართულ ექსპერტიზას ეჭვქვეშ დააყენებენ, ნებისმიერ ექსპერტიზაზე წავიღებთ”, – განაცხადა სალიამ.

ამასთან, სალიას თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი იტყუება და სინამდვილეში არა “რუსთავი 2”-ის მესაკუთრეობაზე, არამედ სესხზე დავობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი