ახალი ამბები

უსუფაშვილი: საქართველოს მთავრობა ირანთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე მუშაობს

25 იანვარი, 2015 • • 933
უსუფაშვილი: საქართველოს მთავრობა ირანთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე მუშაობს

დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ვიზის გაცემის პროცედურების გამარტივებაზე და უახლოეს მომავალში ვიზის მიღების მსურველებს ირანში ელექტრონული აპლიკაციის მეშვეობით, სახლიდან გაუსვლელად, შეეძლებათ საქართველოს ვიზის მოთხოვნა.

 

დავით უსუფაშვილის ოფიციალური ვიზიტი ირანში დღეს დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარე ირანელ კოლეგას, ალი ლარიჯანის შეხვდა. პარლამენტის პრესასამსახურის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების მრავალი ასპექტი, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები, უცხოელებზე საქართველოს ვიზის გაცემის ახალი პროცედურები და ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის არსებული ურთიერთობა.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ დაიძლევა ყველა ის დაბრკოლება, რომელიც აფერხებს ჩვენს ქვეყნებს შორის სრულფასოვან ეკონომიკურ თანამშრომლობას.

 

დავით უსუფაშვილი რეგიონში არსებულ უსაფრთხოების პრობლემებს და რუსეთ-აფხაზეთს შორის დადებულ ე.წ. „მეკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებასაც“ შეეხო.

 

საქართველოს პარლამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ირანის რესპუბლიკის მეჯლისის თავმჯდომარემ სრული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მან ხაზი გაუსვა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და კონფლიქტების მოგვარების მნიშვნელობას რეგიონისვის.

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად პარლამენტის წევრები- თედო ჯაფარიძე, გუბაზ სანიკიძე, დავით ბაქრაძე და შალვა კიკნაველიძე შედიან.

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი