ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“თბილისის აქციებმა საკურორტო სეზონი ჩაგვიგდო”, – რას ფიქრობენ აფხაზეთში

19 ივლისი, 2019 • 5675
“თბილისის აქციებმა საკურორტო სეზონი ჩაგვიგდო”, – რას ფიქრობენ აფხაზეთში

იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლების განმავლობაში შეუსაბამო ინფრასტრუქტურის, დაბალი სერვისისა და გახმაურებილი კრიმინალური შემთხვევების გამო, აფხაზეთში რუსი ტურისტების რაოდენობა ზაფხულობით იკლებს, ბიზნესისა და ტურიზმის სფეროში მომუშავე ადამიანები აფხაზეთში წლევანდელ საკურორტო ჩავარდნას თბილისის აქციებს უკავშირებენ.


მარიანა კოტოვა

შუა ზაფხული, საკურორტო სეზონის პიკი აფხაზეთში – ცარიელი პლიაჟები და სანაპირო რესტორნები. ასე გამოიყურება 2019 წელს ზაფხული აფხაზეთში.

ბიზნესის წარმომადგენელთა პროგნოზებით, მიმდინარე ზაფხული უკვე შეგვიძლია ჩავარდნილად გამოვაცხადოთ. 

აფხაზეთი; 2019; ფოტო: ნეტგაზეთი

აფხაზეთის სასტუმროების კავშირის თავმჯდომარე ასტამურ ახბა აცხადებს, რომ დღესდღეობით სასტუმროების დატვირთვა 40%-დან 60%-მდე მერყეობს. 

“ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია ივლისის შუა პერიოდისთვის. მიზეზი, რატომ ჩავარდა წლევანდელი საკურორტო სეზონი აფხაზეთში, რამდენიმეა: ერთ-ერთია დამსვენებლის მოთხოვნასთან შეუსაბამო ინფრასტრუქტურა. ასევე, ის, რომ ყოველ წელს რაღაც ხდება – ან მსოფლიო ჩემპიონატი, ან რაღაც საგანგებო ვითარება იქმნება. როგორც გახსოვთ, 2017 წელს საბრძოლო იარაღის საწყობში აფეთქება მოხდა. ამ წელს კი საპრეზიდენტო არჩევნებია და მოვლენები საქართველოში”, –  ამბობს ასტამურ ახბა. 

მისივე განმარტებით, რუსი ტურისტები ხშირად “ვერ არჩევენ საქართველოს და აფხაზეთს”. 

“ისინი ხშირად ფიქრობენ, რომ ყველა მოვლენა, რაც აქ და იქ ხდება, ურთიერთკავშირშია. ვიმედოვნებდით, რომ რუსი ტურისტებისთვის წელს საქართველოს შეცვლიდა აფხაზეთი, მაგრამ ასე არ მოხდა”. 

ახბა ამბობს, რომ თბილისში აქციების დაწყების პარალელურად რუსებმა ჯავშნების გაუქმება აფხაზეთშიც დაიწყეს, თუმცა, მისივე თქმით, ტურისტი, რომელიც საქართველოში დასვენებას ირჩევს, მათი სამიზნე აუდიტორია არ არის. 

“აფხაზეთში რუსეთიდან შიდა რუსული პასპორტით შეიძლება შემოსვლა, ეს იმას ნიშნავს, რომ რესპუბლიკაში ჩამოდიან სახელმწიფო მოხელეები, რომელთაც საზღვარგარეთ გასვლა აკრძალული აქვთ. ასევე, აფხაზეთს უპირატესობას ანიჭებენ ისინი, ვინც რკინიგზით გადაადგილდება”. 

ზაფხულში სოხუმში მოსკოვიდან, სანკტ-პეტერბურგიდან, ბელგოროდიდან და ვორონეჟიდან მატარებლები ჩამოდის.

“ის ტურისტული პაკეტები, რომლებსაც რუსი ტურისტები არიან შეჩვეული, ავიაბილეთებზე  ფასების ზრდის გამო წელს უფრო მეტი ღირს. ჩვენ არ მოგვიმატებია ფასი საცხოვრებლებზე, არც პროდუქტებზეა ფასი დიდად გაზრდილი. თუმცა, იმის გამო რომ სოჭში ჩარტერები არ დაფრინავს, აფხაზეთში ტური თითქმის იგივე უჯდებათ, როგორც თურქეთში, ბულგარეთში და სხვა იაფ, თუმცა კომფორტელურ კურორტებზე”, – ამბობს ახბა. 

აფხაზეთში არ არის ბევრი სასტუმრო, რომლებსაც შეუძლიათ კლიენტს SPA, სანატორიუმის ან სამედიცინო მომსახურება შეთავაზონ – ანუ ზღვის გარდა კიდევ სხვა რამ.

აფხაზეთის ყველა სასტუმროში, სადაც ეს სერვისები არსებობს, დატვირთვა ყველაზე მაღალია. 

გაგრაში სასტუმრო “ამრას” გაყიდვების მენეჯერის, ალექსეი ტულინოვის თქმით, იმის მიუხედავად, რომ მათთან ყველაზე იაფი ნომერი 8500 რუსული რუბლი [დაახლოებით, 120 ევრო] ღირს, თითქმის ყველა ნომერი გაყიდულია. დაჯავშნა კი თითქმის სექტემბრის შუა რიცხვებამდე ხდება.

“ჩვენ ჩვენი კლიენტები გვყავს. ვთანამშრომლობთ როსტოვისა და რუსეთის სხვა ქალაქების მსხვილ წარმოებებთან. შესაბამისად, არ ვართ დამოკიდებული აფხაზეთის მიმართ ინტერესის გაზრდაზე. ამავე დროს, ჩვენ თავად ვყიდით ჩვენს სასტუმროს ნომრებს, არ ვენდობით ტურისტულ სააგენტოებს”, – ამბობს ტულინოვი.

სააგენტოებისთვის არც არის საინტერესო აფხაზეთში ტურების გაყიდვა, რადგგანაც პროცენტები, რომლებსაც ისინი გაყიდვებით იღებენ, მინიმალურია – 10-15%. აგენტებს ურჩევნიათ ტური გაყიდონ ტაილანდში, თურქეთში და სხვა მიმართულებებზე. 

სასტუმროები, რომლებიც მხოლოდ საწოლს და შხაპს სთავაზობენ ვიზიტორს, 50 ევროზე ნაკლები არ ღირს, დღეს ცარიელია, ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარულ კურორტ გაგრაშიც კი. 

გაგრა, ხედი სასტუმროდან; 2019; ფოტო: ნეტგაზეთი

მაგალითად, სასტუმრო “რუსლანის” 40 ნომრიდან მხოლოდ რვა არის დატვირთული. 

“ჩვენთვის ეს ძალიან მცირე რაოდენობაა. როგორც წესი, ამ დროს სავსეა ჩვენი სასტუმრო. თუმცა ამ წელს საქართველომ გაგვიფუჭა სეზონი. ხალხი ფიქრობს, რომ შეიძლება 90-იანი წლები განმეორდეს. რადგან იქ აქციებია, სადაც ახსენებენ, რომ აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა, ჰგონიათ, რომ შეიძლება კიდევ დაიწყოს ომი – ასე ფიქრობენ ჩვენი ტურისტები. ეს მე თავად იმ ტურისტებისგან ვიცი, რომლებიც ყოველ წელს ჩამოდიან ჩვენთან. ვერ გადავარწმუნეთ, რომ ასე არ არის”, – აცხადებს სასტუმროს მეპატრონე.

სასტუმრო “კალიპსოს” მეპატრონის, ლეონტი გერზმავას თქმით, ტურისტული სეზონის ჩავარდნის მიზეზი ქვეყნის შიგნითაა. 

“ჩემი ტურისტები მოდიან და მეკითხებიან, რატომ ყარს ზღვა კანალიზაციით. რა ვუპასუხო? რომ გამწმენდი სისტემა არ გვაქვს და ყველა სახლისა და სასტუმროს კანალიზაცია წყალში ხვდება? არა, ლეგენდებს ვიგონებ. ვამბობ, რომ შავი ზღვის ფსკერი თხევადია, რომ იქ, ქვევით გოგირდია და ეს სუნი პირიქით, სასარგებლოა “,- გვიყვება ლეონტი გერზმავა. 

მეორე პრობლემა არის ნორმალური ინფრასტრუქტურის არარსებობა და დაბალი ხარისხის სერვისი. 

გერზმავა ხელისუფლებას ადანაშაულებს და ამბობს, რომ სახელმწიფო ბიზნესს განვთარებაში არ ეხმარება.

“ჩემი სასტუმრო არ არის ბოლომდე აშენებული, მაგრამ იძლებული ვარ ვამუშაო, რადგან რაღაცნაირად უნდა დავასრულო მშენებლობა. კრედიტს ვითხოვდი სასტუმროს ბანკში დატვირთვის სანაცვლოდ, მაგრამ არ მომცეს. ფული არ გვაქვსო – ასე ამბობენ. ასე ხომ ვერ განვვითარდებით. თუ ტურიზმს ვერ განვავითარებთ, დავიკარგებით. აბა, მეტი სად უნდა იმუშაო აქ”. 

სასატუმრო “კალიპსო”

ამის პარალელურად, თავად ხელისუფლების წარმომადგენლები სიამაყით აცხადებენ, რომ ტურისტებისთვის საწოლების რაოდენობა იზრდება – 25 ათასზე მეტი. 

აფხაზეთის ტურიზმისა და კურორტების მინისტრი ავთანდილ ღარცკია ამბობს, რომ სეზონზე აფხაზეთს ნახევარი მილიონი ტურისტის მიღება შეუძლია, წელიწადში კი მილიონის – თუკი, რა თქმა უნდა, ჩამოვლენ. 


მასალების გადაბეჭდვის წესი