ახალი ამბებიხელოვნება

აღმაშენებელზე ისტორიულ ძეგლის რესტავრირებული სადარბაზოს მხატვრობა წყალმა დააზიანა

18 ივლისი, 2019 • 3879
აღმაშენებელზე ისტორიულ ძეგლის რესტავრირებული სადარბაზოს მხატვრობა წყალმა დააზიანა

აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სადარბაზოს კედლის მხატვრობა სახლის ერთ-ერთი მცხოვრების წყლის გამაცხელებელი ავზის გამო წყალმა დააზიანა.

აღმაშენებლის 93-ში მდებარე ისტორიული შენობის სადარბაზოს რესტავრაცია თბილისის განვითარების ფონდმა 2018 წელს განახორციელა, 17 ივლისს კი წყალმა ჩარეცხა.

“მაცხოვრებლის წყლის გამაცხელებელი ავზის დაზიანების მიზეზით ჩანჩქერი მოდიოდა პირდაპირ მოხატულ ჭერზე და კედლებზე. მესაკუთრე სახლში არ იყო და ტელეფონზეც არ გვპასუხობდა. ცენტრალური ვინტილის ადგილმდებარეობა კი დაზუსტებით არცერთმა მაცხოვრებელმა არ იცოდა”, – წერს ერთ-ერთი თვითმხილველი და დასძენს, რომ შესაბამისი სამსახურის გამოძახება მხოლოდ ნაცნობების დახმარებით შეძლეს.

ამ სადარბაზოს რესტავრაციისთვის 230 ათასი ლარი დაიხარჯა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, აუცილებელი იყო შენობაზე წყლის სისტემების მოწესრიგება, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული მისი დამაზიანებელი ზემოქმედება. ჯერჯერობით უცნობია დაზიანების ხარისხი.

აღმაშენებლის გამზირის 93 -ში მდებარე ეს შენობა 1904 წელსა აშენებული. მისი მფლობელი თევზით მოვაჭრე – წყალობა აბაზოვი ყოფილა.

სამსართულიანი შენობის სამივე სართული მთლიანად მოხატულია. მხატვრობა შესრულებულია 1905 წელს, საკმაოდ ცნობილი მხატვრის ბენედიქტ (ბენო) ტელინგატერისა და დე მარცოს მიერ. ბენო ტელინგატერი თბილისური სახლებისა და ბაქოს თეატრების დეკორატორად მუშაობდა.

სადარბაზოს სარესტავრაციო სა საკონსერვაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით შპს “კოსერვაცია და რესტავრაციამ” განახორციელა.

ამ სახლზე ICOMOS საქართველოს მიერ შესრულებული რესტავრაციის პროექტში ერთ-ერთ რეკომენდაციადაა მითითებული, რომ “აუცილებელია შენობაზე წყლის სისტემების მოწესრიგება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მისი დამაზიანებელი ზემოქმედება”.

აღმაშენებელზე ისტორიული მოხატული სადარბაზოს რესტავრაცია მიმდინარეობს

მასალების გადაბეჭდვის წესი