ახალი ამბები

დეპუტატების ნაწილი ვაზაგაშვილის საქმეზე პროკურატურის წარმომადგენლებთან დახურულ სხდომას ითხოვს

22 იანვარი, 2015 • • 956
დეპუტატების ნაწილი ვაზაგაშვილის საქმეზე პროკურატურის წარმომადგენლებთან დახურულ სხდომას ითხოვს

“მე ვიცი, ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მთავარი მოწმე ვინ არის, სად იმყოფება და რა ინფორმაციას ფლობს. ვიცი, რომ ეს იცის პროკურატურამაც. მაინტერესებს, რატომ დასჭირდა 2 წელი იმას, რომ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობა მისულიყო გახსნის ეტაპამდე. აქედან გამომდინარე, ვალდებული ვართ განვახორციელოთ საპარლამენტო კონტროლი”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

 

ამ ინიციატივას მხარს უჭერენ დეპუტატები- შალვა შავგულიძე, თამარ კორძაია, ანი მიროტაძე. თუმცა უმრავლესობის ნაწილი დახურული სხდომის ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავს, მათ შორის- ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ეკა ბესელია და დეპუტატი გია ვოლსკი:

 

“მე არ ვეთანხები იმ აზრს, რომ პარლამენტმა უნდა ჩაანაცვლოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასამართლო, პროკურატურა, კომისისები შეიქმნას. ხშირ შემთხვევაში ეს რაღაც არაჯანსაღი პოლიტიკური გამოვლინებების საფუძველზე ხდება”,-ამბობს ვოლსკი.

 

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას გარდაიცვალა. ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით [რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში] დაიწყო.

 

2006 წლის 2 მაისს თბილისში, ”დინამოს” ყოფილი კორტების ტერიტორიაზე, იქ, სადაც ამჟამად იუსტიციის სახლი მდებარეობს, სამართალდამცავებმა სპეცოპერაციისას ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლეს.

 

მაშინდელი გამოძიების ცნობით, სპეცოპერაციის დროს ყაჩაღური ჯგუფის წევრები დაიღუპნენ, რასაც მაშინვე მოჰყვა საზოგადოების ნაწილის პროტესტი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სპეცოპერაციის დროს პოლიციელებმა უდანაშაულო ახალგაზრდები მოკლეს.

 

ზურაბ ვაზაგაშვილის მამა  იური ვაზაგაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლებისგან მისი შვილის მკვლელობის ხელახალ გამოძიებას ითხოვდა, ამ მოთხოვნით 2013 წელს იუსტიციის სახლის წინ აქციაც გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი