ახალი ამბები

15 ქართული ოპოზიციური პარტია მაიკ პომპეოს წერილით მიმართავს

17 ივლისი, 2019 • 1452
15  ქართული ოპოზიციური პარტია მაიკ პომპეოს წერილით მიმართავს

15 ოპოზიციური პარტია აშშ-ის სახელმწიფო მდვივან მაიკ პომპეოს წერილით მიმართავს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე შეშფოთებას გამოთქვამს.

ხელმომწერი პარტიები აცხადებენ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება საქართველოს თანდათან მოსკოვის ორბიტაზე აბრუნებს და მიუხედავად იმისა, რომ ეს კურსი მთავრობის მიერ საჯაროდ გაცხადებული არაა, ბოლო დროს უფრო მეტად თვალსაჩინო გახდა.

წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ ხელშეკრულება გააფორმა კრემლთან დაკავშირებულ ენერგეტიკულ გიგანტ გაზპრომთან. ასევე აღნიშნავენ, რომ ბუნდვანია ანაკლიაში პორტის მშენბლობის პროექტის მომავალიც, რამდენადაც ივანიშვილმა მიზანში ამოიღო კონსორციუმის დამფუძნებლები. წერილის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეფერხება მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის.

ამასთან, წერილში საუბარია პრორუსული ორიენტაციის სიძულვილის ჯგუფების გაძლიერებაზეც. წერილზე ხელწმომწერი პარტიების თქმით, არსებობს ეჭვი, რომ აღნიშნულ ანტიდასავლურ ექსტრემისტულ ჯგუფებს ივანიშვილი საკუთარი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად აკონტროლებს.

წერილში ასევე საუბარია 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზეც. ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ ათასობით მოქალაქემ თბილისში აქცია გამართა, რომელთა წინააღმდეგაც პოლიციამ გაფრთხილების გარეშე ძალა გამოიყენა. დაზიანება სულ მცირე 200-მა ადამიანმა მიიღო, მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც თვალი დაკარგა.

“300-ზე მეტი დემონსტრანტი დააპატიმრეს მათი უმეტესობა ნაცემი იყო და არაადამიანურ პირობებში ამყოფებდნენ, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს. მას შემდეგ პარლამენტთან დემონსტრაციები იმართება შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით”, – ნათქვამია წერილში.

თუმცა წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ იმის ნაცვლად, მმართველმა გუნდმა გახარიას გადადგომაზე თანხმობა განაცხადოს, რაც საფუძველს მისცემს ძალის გადამეტების ფაქტების გამოძიების ობიექტურად ჩატარებას, ხელისუფლება ცდილობს პასუხისმგებლობა ოპოზიციის ლიდერებსა და აპოლიტიკურ დემონსტრანტებზე გადაიტანოს.

წერილში პარტიების წარმომადგენლები ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმებას საბჭოთა სასამართლოს ადარებენ და აღნიშნავენ, რომ მის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა. ამასთან, წერილში საუბარია, რომ გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დემონსტრანტების დაკავება გრძელდება.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ ოპონენტებთან საბრძოლველად ივანიშვილი მედიაპლურალიზმსაც უპირისპირდება და ამის ნათელი მაგალითი ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” საქმეა.

წერილს ხელს აწერენ:

1. ედპ
2. ევროპელი დემოკრატები
3. რესპუბლიკელები
4. თავისუფალი დემოკრატები
5. ნაციონალური მოძრაობა
6. კანონი და სამართალი.
7. სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის
8. ევროპული საქართველო
9. ქრისტიან-კონსერვატორები
10. პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო
11. ახალი მემარჯვენეები
12. ემსახურე საქართველოს
13. ლეიბორისტული მოძრაობა
14. მოძრაობა ,,სახემწიფო ხალხისთვის”
15. მოძრაობა ,,გამარჯვებული საქართველო”

მასალების გადაბეჭდვის წესი