ახალი ამბები

საგანგაშოა საპატრიარქოს განცხადება „ტრადიციულ რელიგიებზე“ – არასამთავრობო

19 ნოემბერი, 2020 • 1579
საგანგაშოა საპატრიარქოს განცხადება „ტრადიციულ რელიგიებზე“ – არასამთავრობო

რელიგიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ (TDI) საგანგაშოს უწოდებს პატრიარქ ილია II-ის მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ საპატრიარქოს განცხადებას „ტრადიციული რელიგიების“ შესახებ.

18 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია II-ს შეხვდა.

როგორც საპატრიარქოს გავრცელებულ პრეს-რელიზში წერია, შეხვედრაზე ითქვა, რომ „საქართველო და საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო შემწყნარებლური ტრადიციული რელიგიების მიმართ და ეს დღესაც ასეა“.

რა არის „საგანგაშო“?

TDI აცხდებს, რომ საგანგაშოა საპატრიარქოს მიერ შემწყნარებლობაზე საუბარი „ტრადიციული რელიგიების“ კონტექსტში.

„საქართველოს კანონმდებლობა არ ყოფს რელიგიურ ჯგუფებს ტრადიციულ, არატრადიციულ ან რაიმე სხვა ნიშნით განსხვავებულ გაერთიანებებად“, – წერს ორგანიზცია.

„ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ განმარტებით, კონსტიტუცია იცავს ყველას რწმენისა და რელიგიის თავისუფლებას, განურჩევლად მათი რელიგიური კუთვნილებისა და, შესაბამისად:

„გაუგებარია, ვის გულისხმობს საპატრიარქო „ტრადიციულ რელიგიებში“, თუმცა ნათელია, რომ ის შემწყნარებლობას და რელიგიის თავისუფლებას მხოლოდ რელიგიური გაერთიანებების ერთი ნაწილის მიმართ აღიარებს“.

სახელმწიფო მდივანმა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობის ერთ-ერთ მთავარ საკითხად რელიგიის თავისუფლება დაასახელა. რელიგიის თავისუფლების საკითხი იყო პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრის მიზანიც.

TDI მიუთითებს, რომ საქართველოში შეუწყნარებლობა და დისკრიმინაცია არადომინანტური რელიგიური ჯგუფების მიმართ სისტემური პრობლემაა და ამგვარი დამოკიდებულების წყაროდ ხშირად საზოგადოებას, სახელმწიფოს ან თავად მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს ასახელებს.

ორგანიზაცია საუბრობს რელიგიური უმცირესობების სისტემურ დისკრიმინაციაზე და წერს, რომ ისინი:

„ვერ ახერხებენ ისტორიული ქონების დაბრუნებას, ხელოვნური დაბრკოლებები ექმნებათ ახალი რელიგიური დანიშნულების ნაგებობების მშენებლობისას, ხშირია შეუწყნარებლობის შემთხვევები საგანმანათლებლო სივრცეში, პასუხისგებაში არ არიან მიცემული კონკრეტული პირები რელიგიური სიძულვილის საფუძველზე ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების გამო და ა.შ.“

ილია II-მ პომპეოსთან შეხვედრისას კი განაცხადა, რომ „რელიგიის თავისუფლების იდეა ჩვენთვის უცხო არ არის“.

იმ ფონზე, რასაც TDI სისტემურ დისკრიმინაციას უწოდებს, ორგანიზაციის განცხადებით, გავლენიანი რელიგიური ინსტიტუტის მიერ უმაღლესი დონის შეხვედრაზე გაკეთებულმა განცხადებამ, რომლის თანახმად, ის შემწყნარებლობას იჩენს მხოლოდ რელიგიური ჯგუფების ერთი ნაწილისადმი, შესაძლოა, შეუწყნარებლობის ახალი ტალღა წარმოშვას. მათ თანახმადვე, ამან შესაძლოა ხელი შეუწყოს რელიგიური გაერთიანებების კატეგორიზაციასა და იერარქიზაციას.

„გარდა ამისა, თუკი საპატრიარქო „ტრადიციულ რელიგიებში“, მაგალითად, სომეხთა სამოციქულო ან კათოლიკე ეკლესიებსაც მოიაზრებს, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ  სომხური და კათოლიკური ისტორიული ტაძრების ნაწილი, რომლებიც რელიგიურ გაერთიანებებს საბჭოთა ტოტალიტარულმა რეჟიმმა ჩამოართვა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საპატრიარქომ მიისაკუთრა. მსგავსი მაგალითები ნამდვილად ვერ გამოდგება შემწყნარებლობის ნიმუშად“, – წერს ორგანიზაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი