საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის შესახებ შემაჯამებელი ვიდეომიმართვა გაავრცელა.
მიმართვაში დეგნანი აღნიშნავს, რომ პომპეო ქვეყნის ევროატლანტიკური ურთიერთობების გაღრმავებასთან დაკავშირებული არჩევანის მიმართ საქართველოს მხარდაჭერის გამოსახატავად ესტუმრა. დეგნანის თქმით, რუსეთის აგრესიის ფონზე აშშ-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.
ამასთან, აშშ-ის ელჩის განცხადებით, პომპეომ ვიზიტისას ხაზი გაუსვა აშშ-ისა და საქართველოს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს:
“ეს ღირებულებები – დამოუკიდებლობა, პატივისცემა, ტოლერანტობა და თავისუფლება ქმნის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველს. სახელმწიფო მდივანმა პომპეომ აგრეთვე მოუწოდა საქართველოს, განაგრძოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და დემოკრატიული პროცესების გაღრმავება და გააკეთოს გადამწყვეტი მნიშვნელობის საქმე, რაც არის საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელება”, – განაცხადა დეგნანამა.
მიმართვაში დეგნანი ასევე განმარტავს საკითხებს, რომელზეც პომპეომ ხელისფულების წარმომადგენლებთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა.
დეგნანის თქმით, პომპეომ საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას სხვადასხვა საკითხი განიხილა, მათ შორის, კორუფციის წინააღმდეგ საქართველოს ბრძოლა და ქვეყნის ძალისხმევა, რომ ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას და ააშენოს თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტები. ასევე, დეგნანის თქმით, შეხვედრებზე პომპეომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან გლობალური უსაფრთხოების გასაძლიერებლად აშშ-ისა და საქართველოს პარტნიორობის საკითხზეც ისაუბრა.
ილია მეორესთან შეხვედრაზე კი, აშშ-ის ელჩის თქმით, პომპეომ რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო ალიანსში საქართველოს როლს გაუსვა ხაზი და აღნიშნა რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობისა და დაცვის მნიშვნელობა, “რათა ყველას ჰქონდეს საკუთარი რელიგიის თუ რწმენის აღმსარებლობის თავისუფლება”.
რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას, დეგნანმა მიმართვაში განმარტა, რომ პომპეომ მათთან სასამართლო რეფორმაზე და ჯანსაღ, დემოკრატიულ სისტემაში დამოუკიდებელი სასამართლოს როლზე ისაუბრა.
“სახელმწიფო მდივან პომპეოს ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედრის მონაწილეებისაგან მოესმინა, თუ რას აკეთებენ ისინი იმისათვის, რომ ასრულდეს მათი ოცნება ძლიერ და აყვავებულ სახელმწიფოზე. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი, სახელმწიფო მდივნისათვის ეს შეხვედრები იყო შესაძლებლობა, მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას მიაღწია საქართველომ 30 წლის განმავლობაში.
სახელმწიფო მდივნისა და ქალბატონი პომპეოს ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული ახლო, სტრატეგიული პარტნიორობისა.
ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ჩვენს მეგობარს, რამდენადაც გრძელდება საქართველოს ძალისხმევა, გაღრმავდეს მისი ევროატლანტიკური კავშირები, ხელი შეუწყოს ეკონომიკას და შეიტანოს წვლილი უსაფრთხოების განმტკიცებასა და სტაბილურობაში რეგიონსა და მის გარეთ”, – განმარტა დეგნანმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს 17 ნოემბერს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში პომპეო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.